“თეთრი ხმაურის” წევრს, ბექა წიქარიშვილს ორკვირიანი პატიმრობა შეეფარდა

“თეთრი ხმაურის” წევრს, ბექა წიქარიშვილს საქალაქო სასამართლომ 14-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
მან მოსამართლის წინაშე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა აღიარა. როგორც წიქარიშვილმა განმარტა, აღნიშნული ქმედება, აღელვების ნიადაგზე, გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) მიმართ გამოტანილი განაჩენის გამო ჩაიდინა.
„ვადასტურებ ამ ქმედებას, თუმცა მე არ მქონია განცდა, რომ აგური სასამართლოს ფანჯარას ვესროლე, მე მქონდა განცდა, რომ უსამართლობის კერას ვესროლე. ეს გამოწვეული იყო გიორგი გიორგანაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენით. ამაღელვებელი იყო და მძიმე. სხვა მოლოდინი გვქონდა. სასამართლო დაეყრდნო ორი პოლიციელის ჩვენებას. ყველას გვქონდა გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი. იმავე მოსამართლემ გაათავისუფლა გიორგანაშვილი, აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა და მოულოდნელად მოხდა ასეთი რამ. ვეთანხმები სამართალდარღვევის ოქმს“, – განაცხადა წიქარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე ბზიავა და ბექა წიქარიშვილი მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა გუშინ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის სასამართლო პროცესის შემდეგ დააკავეს. სამართალდამცველების ცნობით, სასამართლოს ეზოში გასვლის შემდეგ, ერთ-ერთი მათგანი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა სასამართლოს, ხოლო მეორემ შენობის მიმართულებით ისროლა აგური, რის შედეგადაც ჩაიმსხვრა ცენტრალური შემოსასვლელის მინა.
თორნიკე ბზიავა 500-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ბექა წიქარიშვილი კი დიღმის სამმართველოში წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები