ლაშა ნაცვლიშვილი მარგველაშვილზე: მიშას კონტროლის ქვეშაა და მოსწონს თუ არა, იძულებულია მისი მითითებები და დავალებები შეასრულოს

გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ არც ერთ სხვა საქმეში „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ისეთი პირნათელი არ არის საკუთარ ამომრჩეველთან, როგორც გირგვლიანის საქმეში, მაგრამ სწორედ გირგვლიანის საქმეს აცხადებს საქართველოს დამარცხებად გიორგი მარგველაშვილი.
„საქმე, რომელშიც რეალურად დამარცხდა მიშა, _ განა არ იცის, რომ განახლებული გამოძიების ფარგლებში, მიშას ჩათვლით, 9 მაღალი თანამდებობის პირია მხილებული და მიწასთან არის გასწორებული რეჟიმი? იცის, მაგრამ მიშასი არ იყოს, ისიც ჩვენი „გონებრივი უმანკოების“ ანუ გონებასუსტობის იმედზეა და მიშას „გასაპრავებლად“, მართლმსაჯულების გამარჯვებას – ხალხის დამარცხებად გვასაღებს. იცის, კარგად იცის მიშასმონაცვლემ, რომ ოცნების ხელისუფლება, წინამორბედისგან განსხვავებით, საკუთარი წარმატებებით ყოველდღიურად ყურებს არ უჭედავს მოსახლეობას და სწორედ ამაზე აწყობს პატრონის დაცვის სტრატეგიას, იქნებ საკუთარი ცხოვრებით გართულ და, ვიმეორებ, პროპაგანდისგან თავისუფალ ხალხს ოდნავ მიავიწყდა, რომ საქმეც კარგა ხანია გაიხსნა, მეხუთე მკვლელიც გამოჩნდა, მელნიკოვიც ჩამოიყვანეს, ვანო, ბაჩო და დათაც ამხილეს. სწორედ აქ, ამ ვიწროში ეძებს გასავლელს და ხალხის სახელით აქეთ გვანამუსებს იეზუიტურად – რა, მარტო მიშამ ქნა გირგვლიანიო? აი, ეს არის მარგველაშვილის შიგთავსი. მიშამ გირგვლიანის საქმეში კი არ გაიმარჯვა, მასში ანუ მარგველაშვილში გაიმარჯვა“,- აღნიშნავს ნაცვლიშვილი.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა ზუსტად იცის, რომ გირგვლიანის საქმეში მიხეილ სააკაშვილის დაცვა ამომრჩევლის თვალში და მორალურადაც დამაზიანებელია:
„გირგვლიანის საქმეზე საქართველოში არსებობს აბსოლუტური კონსენსუსი და მარგველაშვილმა ისიც ზუსტად იცის, რომ სააკაშვილის დაცვა ამ საქმეში მისთვის მორალურად და ელექტორალურად დამაზიანებელია, მაგრამ სხვა გზა არ აქვს, იმიტომ რომ ვალდებულება გააჩნია სააკაშვილთან, მიშას კონტროლის ქვეშაა და მოსწონს თუ არ არა, იძულებულია მისი მითითებები და დავალებები შეასრულოს. სწორედ ამ გარემოების გამო შეგვიძლია დასაწყისში ნათქვამი ფრაზა დავაზუსტოთ – „რუთავი 2-ში“ გამოსვლა მარგველაშვილის იძულებითი ლუსტრაცია იყო“-აცხადებს გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები