“რუსთავში პოლიციელების დაკავებამ დაადასტურა, რომ შსს-ს გენერალური ინსპექცია ხელს არ აფარებს კანონდამრღვევ პოლიციელებს”

რუსთავში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების დაკავების ფაქტმა დაადასტურა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია ხელს არ აფარებს კანონდამრღვევ პოლიციელებს და პროკურატურასთან აქტიურად თანამშრომლობს –ამის შესახებ „კვირას“ ექსპერტმა დავით გულუამ განუცხადა.

გულუას თქმით, თუ სამართალდამცველებმა კანონი დაარღვიეს, მათ ამაზე პასუხი აუცილებლად უნდა აგონ.

„სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები თუ არღვევენ კანონს, ისინი აუცილებლად უნდა დაისაჯონ. აქსიომაა, რომ სამართალდამცველებმა კანონის ფარგლებში უნდა იმოქმედონ, წინააღმდეგ შემთხვევაში იწყება განუკითხაობა, უნდობლობა ძალოვანი უწყებების მიმართ და ქვეყნის რღვევა. ამიტომ საჭიროა ყველამ სათანადოდ აგოს პასუხი. დღეს დადასტურდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქტიურად თანამშრომლობს პროკურატურასთან და გენერალური ინსპექცია ხელს არ აფარებს იმ პირებს, რომლებიც კანონს არღვევენ. ასევე აუცილებლია, რომ საზოგადოებამ აქტიურად ითანამშრომლოს კანონმორჩილ სამართალდამცველებთან, იმათთან, რომლებიც პირნათლად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, ეს ჩვენი და ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის“, –აღნიშნა დავით გულუამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან თანამშრომლობით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები ი.დ. და ბ.ბ. დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები