NEO-მ 42 თემში 45 ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელდა

27 იანვარს USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა სტივენ ჰეიკინმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა, რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მთიანი რეგიონების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ტრიპოლსკიმ, მუნიციპალური ადმინისტრაციების ხელმძღვანელებმა და ადგილობრივი თემების წარმომადგენლებმა განიხილეს USAID-ის ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების (NEO) ინიციატივის მიერ საქართველოს მასშტაბით თემის მობილიზაციის და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების დაგეგმვის პროცესში გამოყენებული ახალ მიდგომები და მიღებული გამოცდილება.
ეკონომიკური ზრდის, დასაქმებისა და შემოსავლების გაუმჯობესების მიზნით, USAID-მა, რომელსაც ამ შემთხვევაში ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების (NEO) ინიციატივის პროექტი წარმოადგენს, გააფორმა ურთიერთგაგების მემორანდუმები 10 მუნიციპალიტეტთან საქართველოს ოთხ სხვადასხვა რეგიონში.  აღნიშნული 10 მუნიციპალიტეტის 85-ივე შერჩეულ თემს ამჟამად გააჩნია თემის დონეზე ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც განსაზღვრავს პერსპექტიულ ეკონომიკურ სექტორებს, პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ხელს უწყობს დიალოგს საჯარო და კერძო სექტორებს შორის და იზიდავს დამატებით ინვესტიციებს თემებისათვის პრიორიტეტული პროექტებისათვის. დღესდღეობით, NEO-მ განახორციელა 45 ინფრასტრუქტურული პროექტი 42 თემში, რამაც სარგებელი მოუტანა დაახლოებით 8 313 ადგილობრივ ოჯახს, ხოლო 2014 წელს დამატებით 40 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.
NEO-მ, აგრეთვე, განახორციელა მრავალი სასოფლო-სამეურნეო საწარმოო ჯაჭვის განვითარების ინიციატივა, რის შედეგადაც შერჩეულ თემებში შეიქმნა მარწყვისა და ბოსტნეულის 11 სათბური, მარწყვის ღია გრუნტზე წარმოების 10 სადემონსტრაციო ნაკვეთი, მარწყვისა და კენკროვანი კულტურების 3 და ვაზის 1 სანერგე, მეფუტკრეობის 34 სადემონსტრაციო ფერმა, სათესლე კარტოფილის 12 და იონჯის 9 სადემონსტრაციო ნაკვეთი, თხილის მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებების 83 საცდელი ნაკვეთი, საქონლის საკვების მწარმოებელი 2 საწარმო და სასოფლო-სამეურნეო რესურს-ცენტრი. გარდა ამისა, NEO-ს მიერ ტურიზმის სექტორში განხორციელებული ინიციატივების შედეგად, ხელი შეეწყო ეკონომიკური განვითარების საქმიანობას დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში. NEO ასევე გასცემს მცირე გრანტებს და უზრუნველყოფს პროფესიული განათლებისა და საწარმოო პრაქტიკის ხელმისაწვდომობას, რათა გაუმჯობესდეს შემოსავლის მიღების შესაძლებლობები სოფლის დაუცველი მოსახლეობისათვის. დღემდე, 992-მა სოციალურად დაუცველმა მოსახლემ, NEO-ს მიერ შერჩეული თემებიდან, მიიღო სარგებელი USAID-ის მიერ დაფინანსებული პროფესიული გადამზადების პროგრამების შედეგად, რამაც გამოიწვია დასაქმების მაღალი მაჩვენებლები – 722-მა კურსდამთავრებულმა (73 პროცენტი) იპოვა ახალი სამსახური ან გააუმჯობესა საკუთარი დასაქმების სტატუსი.
ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების (NEO) ინიციატივის პროექტს, USAID-ის მეშვეობით, აფინანსების ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა. პროექტი შემუშავებულია საქართველოს მუნიციპალიტეტებისა და თემების მოსახლეობის დახმარების მიზნით, რათა შესაძლებელი გახდეს ჩართვა ეკონომიკური ბაზრების საქმიანობებში, ინვესტიციების მოზიდვა, და ასევე, ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განსაზღვრა და განხორციელება, რომელთაც ექნებათ პირდაპირი ეკონომიკური სარგებელი. პროექტი სარგებელს მოუტანს მინიმუმ 70 000 სოფლის და დაუცველ ოჯახს, დუშეთის, ყაზბეგის, ქარელის, გორის, ხაშურის, ონის, ცაგერის, ლენტეხის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სიღარიბის შემცირებას, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის საარსებო პირობების გაუმჯობესებას იძულებით გადაადგილებული პირების ჩათვლით და გააძლიეროს ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობა თემების საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, ასევე დახმარება გაუწიოს სტიქიური და სხვა მოვლენების შედეგად დაზარალებულ თემებს. NEO-ს და სხვა პროექტების მეშვეობით, აშშ მთავრობა ხელს უწყობს სტაბილურ და ყოვლისმომცველ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც სარგებელს მოუტანს საქართველოს ყველა მოქალაქეს.
USAID საქართველოში: ბოლო 20 წლის განმავლობაში, ამერიკელმა ხალხმა, USAID-ის მეშვეობით, 1.5 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება გაუწია საქართველოს. USAID-ის პროექტები მიზნად ისახავს დახმარების გაწევას საქართველოსათვის თავისუფალი და ძლიერი დემოკრატიის მშენებლობის პროცესში და მოიცავს ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია ეკონომიკური განვითარების დაჩქარებაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და ჯანდაცვისა და განათლების სისტემების გაუმჯობესებაზე. USAID უწევს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას 100-ზე მეტ ქვეყანას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები