ისრაელის პრეზიდენტმა ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილე მიულოცა

ისრაელის პრეზიდენტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილეს ულოცავს. რუვენ რივლინმა პატრიარქს მისალოცი წერილი გაუგზავნა, რომელიც საპატრიარქომ თავის გვერდზე გამოაქვეყნა.

”ისრაელის სახელმწიფოს სახელით, პატივი მაქვს, მივულოცოთ თქვენს აღმატებულებას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად მოღვაწეობის მეორმოცე წლის იუბილე. ამ პერიოდის განმავლობაში, თქვენმა სულიერმა წინამძღოლობამ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა თანამედროვე საქართველოს განვითარებაში და ტოლერანტობის სულის განმტკიცებაში, რაც დამახასიათებელია თქვენი ერისთვის.

ჩვენს ორ ერს შორის ურთიერთობები ითვლის 2600 წელზე მეტს. ებრაელი ერის წევრები მშვიდობიანად ცხოვრობდნენ და ვითარდებოდნენ თქვენს ქვეყანაში საუკუნეების განმავლობაში, ინაწილებდნენ რა თბილ ძმურ ურთიერთობას ქართველ ხალხთან ერთად. მრავალ საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, ვინც დაბრუნდა თავის ისტორიულ ებრაულ სამშობლოში და გახდა ისრაელის მოქალაქე, ახლა შეუძლია იმსახუროს როგორც მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობების მაკავშირებელმა ხიდმა ჩვენს ორ ერს შორის.

მე თბილად ვიხსენებ ჩემს ოფიციალურ ვიზიტს თბილისში ამ წლის იანვარში. ისრაელსა და საქართველოს აქვთ 25-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობა და მჯერა, რომ ამ ვიზიტმა ხელი შეუწყო ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაძლიერებას. მჯერა, რომ არსებობს დიდი პოტენციალი ამ მეგობრობის გასაძლიერებლად. მოველი, რომ ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა და კეთილი ურთიერთობები მომავალში გაფართოვდება.

იერუსალიმიდან, ისრაელის სახელმწიფოს დედაქალაქიდან, რომელიც წმინდაა ებრაელთათვის და ყველა ქრისტიანისთვის, ნება მომეცით გამოგიგზავნოთ ჩვენი გულთბილი სალამი და კეთილი სურვილები თქვენ, თქვენო აღმატებულებავ და საქართველოს მთელ ხალხს ახალი 2018 წლისთვის”, – ნათქვამია რივლინის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები