ჯაბა ჯიშკარიანმა მოსახლეობას 2018 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტები გააცნო

თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ჯაბა ჯიშკარიანმა, მოსახლეობას, 2015-2017 წლებში ჩატარებული სამუშაოს შესახებ  ანგარიში ჩააბარა და 2018 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტები გააცნო.

საკრებულოს წევრის  განცხადებით, მომავალ წელს, თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, მთაწმინდის  რაიონში  წამყვანი ადგილი ინფრასტრუქტურულ პროექტებს უჭირავს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ასევე სოციალურ მიმართულებასაც.

ჯაბა ჯიშკარიანის თქმით,   ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი –   ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციაა. მისი განმარტებით, სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დასრულდა:  გაკეთდა  სადრენაჟე სისტემა და ახალი სანიაღვრე ქსელები. განახლდა და მთლიანად გამოიცვალა ბუნებრივი აირისა და  სასმელი წყლის მიწოდების სისტემები.

დეპუტატის განცხადებით, ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე 18 შენობას, რომელთაგან 13 ისტორიული ძეგლია, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.  აშენდება 10 ახალი ნაგებობა.  კონსტრუქციული გამაგრება ჩაუტარდება ავარიულ შენობებს, ხოლო იქ, სადაც ავთენტურობა შენარჩუნებულია, ნაგებობების შიდა მხარეებისა და ეზოების რეაბილიტაცია მოხდება.

„განახლდება ინტერიერები და რესტავრაცია ჩაუტარდება  ორ მხატვრულ სადარბაზოს  – ათონელის N31-სა და ათონელის N23-ში.  შენობების რეაბილიტაცია 2017 წლის დეკემბერში დაიწყო და 2018 წლის შემოდგომაზე დასრულდება“, – განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.

მისივე თქმით, რაიონში იგეგმება მწვანე არეალის გაფართოებაც და  სკვერებისა და სპორტული მოედნების განახლება-მოწყობა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა,  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ორბელიანისა და  9 აპრილის  სკვერების სრული ადაპტაცია მოხდება.

ჯაბა ჯიშკარიანმა  ასევე აღნიშნა, რომ მომავალ წელს რაიონში არსებული დაზიანებული გზების, ქუჩებისა და შიდა კვარტალური გზების  კაპიტალური შეკეთება მოხდება და ამისათვის მთაწმინდის ბიუჯეტიდან  4 მილიონი ლარია გამოყოფილი.

დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გამართულ ღონისძიებაზე მოსახლეობას სიტყვით საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და დეპუტატმა  ირაკლი  ზარქუამაც მიმართეს.

ღონისძიებას, მთაწმინდის მოსახლეობის გარდა,  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით უჯმაჯურიძე, საკრებულოს წევრები, ქვეყნის საკანონმდელო ორგანოს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები