“მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს მაღალი ნდობა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის მიმართ”

ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან შეხვედრისას, 2017 წელს გაწეული საქმიანობა შეაჯამა და 2018 წელს დაგეგმილი მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ ისაუბრა.
მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ რეფორმების მნიშვნელობას, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო 2018 წელს გეგმავს, ასევე, ისაუბრა, როგორც ბიზნესის, ისე ფართო საზოგადოების წარმომადგენლებთან, აქტიური კომუნიკაციის აუცილებლობაზე.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ პრიორიტეტებზე, რომელზეც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება 2018 წელს. როგორც იცით, თითქმის მილიარდი ლარითაა გაზრდილი 2018 წლის ბიუჯეტი, მომავალი წელი კიდევ უფრო დინამიური იქნება ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ამასთან ერთად, იზრდება გამოწვევებიც, ფართოვდება ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულის სპექტრიც. შესაბამისად, საგამოძიებო სამსახურში იქნება სიახლეები. ასევე, მნიშვნელოვანი ამოცანაა, საზოგადოებას ჰქონდეს მაქსიმალური ნდობა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, თითოეული იმ რეფორმის მიმართ, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ,” – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მუშაობა იყოს ობიექტური, სამართლიანი და ამავე დროს, პრინციპული კანონის უზენაესობის დაცვის, ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის, ლევან გამყრელიძის განცხადებით, 2018 წელს გაგრძელდება ფინანსური და ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და პრევენციული ღონისძიებები, ასევე, საერთაშორისო დონორების მხარდაჭერით, თანამშრომელთა გადამზადების, გამოცდილების გაზიარებისა და ახალგაზრდა კადრების სტაჟირების პროგრამები.
შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის როლს ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის მიმართულებით და აღნიშნა, რომ მომავალ წელს, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების კუთხით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები