პროფესიული კოლეჯების სტუდენტები სწავლის გაგრძელებას უმაღლეს სასწავლებლებში შეძლებენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ხელშეწყობით, საპილოტე რეჟიმში ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო კომპონენტის შეტანა პროფესიულ სწავლებაში.

პილოტირების შედეგად შემუშავდება სისტემური ცვლილებები პროფესიულ განათლებაში, რაც ხელს შეუწყობს „საგანმანათლებლო ჩიხის“ დაძლევას და შესაძლებლობას მისცემს პროფესიული კოლეჯების სტუდენტებს, სურვილის შემთხვევაში,   სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელონ.

პილოტირების შუალედურ შედეგებს დღეს საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები გაეცნენ. ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში ნილს სკოტმა გახსნეს.

ახალი პროექტის პილოტირებაში კაჭრეთის საზოგადოებრივი კოლეჯის (კახეთი), შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის (სამეგრელო) და ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯების (მცხეთა მთიანეთი) 20-მდე კურსდამთავრებული მონაწილეობს, რომლებსაც  სწავლის დასრულების შემდეგ, პროფესიულ კვალიფიკაცია და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობაც ექნებათ.

პროფესიულ სასწავლებლებში ზოგადსაგანმანათლებლო განათლების პილოტირების მხარდაჭერა 2018 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდება. მომავალში მსგავსი მოდელი საქართველოს ყველა კოლეჯში დაინერგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები