“ჩვენს ქვეყანაში, უფრო და უფრო მეტი, მცირე და საშუალო მწარმოებელი ითვისებს იმ პოტენციალს, რომელსაც ევროპის ბაზარი იძლევა”

„ჩვენს ქვეყანაში, სულ უფრო და უფრო მეტი, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო მწარმოებელი ითვისებს იმ პოტენციალს, რომელსაც ევროპის ბაზარი იძლევა და ეს ნამდვილად გასახარია“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა და 2017 წლის მნიშვლოვანი ეკონომიკური პროექტები შეაფასა.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო წლევანდელი წელი საგარეო-ეკონომიკური მიმართულებით. მოგეხსენებათ, საქართველომ ძალიან წარმატებით დაიწყო ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულების განხორციელება და ამ მიმართულებით გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა. ჩვენს ქვეყანაში, სულ უფრო და უფრო მეტი, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო მწარმოებელი ითვისებს იმ პოტენციალს, რომელსაც ევროპის ბაზარი იძლევა და ეს ნამდვილად გასახარია.
ასევე, ჩვენ უმნიშვნელოვანესი ხელშეკრულება გავაფორმეთ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. დარწმუნებული ვარ, ამ ხელშეკრულების ნაყოფს ვიგრძნობთ 2018 წლის განმავლობაში. ამ ხელშეკრულებამ, ამოქმედებამდე მოიტანა ეფექტი და წელს ჩვენ 7 მილიონამდე ბოთლი ღვინო გავყიდეთ ჩინეთის ბაზარზე. ჩვენი სასოფლო-სამეურნეო ნაწარმის დივერსიფიკაციის პროცესი მიმდინარეობს შეუქცევადად და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ რისკები საგარეო ვაჭრობისა და ექსპორტის კუთხით გვქონდეს განაწილებული.
ასევე, დავასრულეთ მოლაპარაკებები ჰონგ-კონგთან თავისუფალ ვაჭრობაზე და ვიწყებთ მოლაპარაკებებს ინდოეთთან.
ასევე, დაწყებულია მუშაობა სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. წელს ჩვენ უპრეცედენტოდ მაღალი გვქონდა ამ მიმართულებით ბიუჯეტის ათვისება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ინფრასტრუქტურა არის ეკონომიკის აბსოლუტურად ყველა დარგის წამახალისებელი და ინფრასტრუქტურის განვითარების ეფექტი მთლიანად ეკონომიკაზე ძალიან მაღალია“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა მომავალ პროექტებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მთავრობა 2017-2020 წლებში, 9 მილიარდ ლარზე მეტს დახარჯავს სივრცითი განვითარების საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყლით მომარაგების კომპონენტებზე.
„2017-2020 წლებში, ჯამში 9 მილიარდ ლარზე მეტს დავხარჯავთ სივრცითი განვითარების საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყლით მომარაგების კომპონენტებზე. პროგრამა ხორციელდება წარმატებით, გეგმის მიხედვით მივდივართ, წელს გეგმაზე ცოტა წინ ვართ. უკვე შენდება 1000-კილომეტრიანი გზა – აქედან, 350 კილომეტრი – ჩქაროსნული მაგისტრალი, ხოლო 650 კილომეტრი რეგიონული მნიშვნელობის გზებია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არტერიებია რეგიონებში ახალი შესაძლებლობებისთვის. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს, საქმდება ჩვენი ათი ათასობით მოქალაქე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.
დაიწყო უმსხვილესი პროექტის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. სულ რამდენიმე დღის წინ იყო, მოგეხსენებათ, მშენებლობის დაწყების ცერემონია. საბოლოო ჯამში, ეს არის რამდენიმე მილიარდი დოლარის ინვესტიცია, თუმცა, პირველი ეტაპი 3 წელიწადში დასრულდება და ჩვენ ვგეგმავთ, 2020 წელს უკვე მივიღოთ დიდი მოცულობის პირველი გემები. ეს არის, დაახლოებით, 500-დან 600 მლნ დოლარამდე ინვესტიცია ამ ორი-სამი წლის განმავლობაში, რაც, დამეთანხმებით, რომ მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის, ხოლო ამ პორტის ზეგავლენა მთლიანად ეკონომიკურ განვითარებაზე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მთლიანად პორტი და მისი შემოგარენი იქნება, ნამდვილად, 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე მსხვილი პროექტი, რომელიც ძალიან დიდ იმპულსს მოიტანს საქართველოს ეკონომიკაში.
ასევე, მალე დაიწყება ორი თანამედროვე სტანდარტის ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა, სულ რამდენიმე დღეში გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა ამ პროექტზე, რაც ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში შემკრები ლოგისტიკური ცენტრების მშენებლობის და განვითარების კუთხით.
ასევე, რეგიონების განვითარება იქნება ჩვენი მომავალი პოლიტიკის ერთ-ერთი ცენტრალური ხაზი და ვფიქრობთ, რომ თვითმმართველობის განვითარების მიმართულებით, უკვე გადადგმული ნაბიჯები და ჩვენი სამომავლო სტრატეგია, რომ გადავიტანოთ გადაწყვეტილების მიღების სიმძიმის ცენტრები რეგიონში, ქვემოდან ზემოთ ამომავალი პრიორიტეტებით ვიხელმძღვანელოთ ბიუჯეტების დაგეგმვისას და უფრო მეტი ფინანსური რესურსი მივცეთ რეგიონებს, ძალიან მნიშვნელოვან თვისობრივ ცვლილებებს შეიტანს თვითონ რეგიონში ცხოვრების დონის გაუმჯობესების კუთხით. დარწმუნებული ვარ, ესეც იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ძალიან დიდ ცვლილებას მოიტანს ჩვენს ქვეყანაში“ – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ამასთან, გიორგი კვირიკაშვილმა 2017 წლის რთველის შედეგებიც შეაფასა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, წელს, პირველად, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე, ყურძნის მომყვანი ფერმერები და მეღვინეები შეთანხმდნენ ფასზე.

„უპრეცედენტო წელი იყო რთველის მიმართულებით და ჩვენ წელს პირველად გვქონდა რთველი, როდესაც, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე, ყურძნის მომყვანი ფერმერები და მეღვინეები შეთანხმდნენ ფასზე. ჩვენ პრაქტიკულად მთლიანად გამოვდივართ სუბსიდირებიდან. ეს არის გამომდინარე იქიდან, რომ ექსპორტი ძალიან წარმატებით ვითარდება და ჩვენ ამ დარგში სწორი პოლიტიკა განვახორციელეთ. 143 მლნ ლარი იყო კახეთში მევენახეების შემოსავალი, 5,5 მლნ ლარი იყო რაჭა-ლეჩხუმში და დანარჩენ რეგიონებშიც, ასევე, მნიშვნელოვანი ქართლში და ა.შ. დიდი შემოსავალი მიიღო ჩვენმა მოსახლეობამ კონკრეტულად მეღვინეობიდან. ასევე, რეკორდული წელი იყო ექსპორტის კუთხითაც – 70 მლნ ბოთლს გადააჭარბა ღვინის ექსპორტმა, რაც პრაქტიკულად, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია. დამეთანხმებით, ეს არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლების ძალიან სერიოზული წყარო. დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით ეს კიდევ არ არის პიკი და, რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ უფრო მაღალ მაჩვენებელს ველით მომავალში“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე, მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტებიც შეაფასა.
ამასთან, გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, მთავრობა 2018 წლის გაზაფხულიდან, ქვეყნის მასშტაბით, ტყის მასშტაბურ აღრიცხვა-ინვენტარიზაციას იწყებს, რაც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გასულ წელს დასრულდა მთავრობის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო-სამეცნიერო კვლევა, რომლის შედეგადაც, მსოფლიომ საქართველო აღიარა ყველაზე ძველ მეღვინეობის ქვეყნად, მეღვინეობის სამშობლოდ და ღვინის 8 000-წლოვანი ისტორია დასაბუთდა, დამტკიცდა საერთაშორისო მასშტაბით, საერთაშორისო კვლევის შედეგად.
კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან პრიორიტეტულ მიმართულებას მინდა შევეხო. 2018 წლის გაზაფხულიდან ჩვენ ვიწყებთ ტყის მასშტაბურ აღრიცხვა-ინვენტარიზაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. ჩვენ ვინარჩუნებთ ასევე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, რომელიც კიდევ უფრო დაიხვეწება და ეს სისტემა მოსახლეობის საჭიროებაზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული გახდება“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები