რევაზ სოხაძე: თბილისელების ინტერესებშია, ქალაქს სრულყოფილი გენერალური გეგმა ჰქონდეს

თბილისის საკრებულოს სხდომაზე  დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის  დამტკიცების შესახებ, საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის  შესახებ მსჯელობენ.

ოპოზიციის ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ თბილისის განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცება მაღალჩინოსნების  ინტერესებიდან გამომდინარე ჭიანურდება, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა უპასუხეს და აღნიშნულ ბრალდებას აბსურდული უწოდეს.

საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის რევაზ სოხაძის  განცხადებით, თბილისის მერიისა  და თბილისელების  ინტერესებშია, რომ ქალაქს სრულყოფილი გენერალური გეგმა ქონდეს. მისივე თქმით, არქიტექტურის სამსახურმა, მუშაობის პროცესში, ქალაქის განვითარების დოკუმენტში გარკვეული ხარვეზები დაადგინა, რომლებიც გენ. გეგმაზე მომუშავე ჯგუფს გადაეგზავნა. რევაზ სოხაძის განცხადებით, ჯგუფს ხარვეზების გასასწორებლად 10 დღიანი ვადა მიეცა.

აღნიშნულ საკითხს საკრებულოს  ფრაქცია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებული  შენიშვნები ძირითადად ზონირების, ტრანსპორტის განვითარებისა და მშენებლობის საკითხებს ეხება.

ბექა დავითულიანმა საკრებულოს ოპოზიციის ბრალდებებს აბსურდული უწოდა და მათ კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები