„საპარტნიორო ფონდს“ ძიანგსის პროვინციის დელეგაცია ეწვია

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, ფონდში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანგსის პროვინციის მთავრობის დელეგაცია მიიღო, რომლის შემადგენლობაში ჩინეთის მსხვილი კომპანიებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებიც შედიან. დელეგაციას ძიანგსის პროვინციის ვიცე-გუბერნატორი სიე ჟუ ხელმძღვანელობს.
ჩინეთის მხრიდან შეხვედრას ძიანგსის პროვინციის მეცნიერებათა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ხონ სანკუო, ძიანგსის პროვინციის საკვებისა და სამკურნალო საშუალებების ადმინისტრაციის გენერალური დირექტორი შანკუან სინჩენი, ძიანგსის პროვინციის საერთაშორისო ურთიერთობების და საზღვრებს მიღმა ჩინური საქმეთა ოფისის გენერალური დირექტორის მოადგილე ლი იუციანი და ძიანგსის მთავრობის გენერალური ოფისის ბიუროს დირექტორის მოადგილე ტუ ძუანი ესწრებოდნენ.
ფონდში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ჩინეთ-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს როლი საუკუნის პროექტ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ განხორციელების პროცესში. ჩინურმა მხარემ „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გააქტიურებაში წვლილის შეტანისთვის. ძიანგსის პროვინციის ვიცე-გუბერნატორ სიე ჟუს განცხადებით, საქართველო აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი გეოპოლიტიკურად სტრატეგიული ქვეყანაა, რომელსაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა პრიორიტეტულ პარტნიორად განიხილავს.
შეხვედრაზე ჩინეთის დელეგაციამ საქართველოს სხვადასხვა სექტორში ინვესტირების და ამ მიზნით, კონკრეტული წინადადებების შეთავაზების სურვილი გამოთქვა. საუბარი შეეხო წარმოების, სოფლის მეურნეობისა და ლოჯისტიკის სფეროებში ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხებს. კერძოდ, „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტმა ჩინურ მხარეს პარტნიორული ურთიერთობა ტექსტილის, აბრეშუმის, კერამიკული წარმოების, თევზის მრეწველობის, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის, საგანმანათლებლო და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობა შესთავაზა.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს და კონკრეტული ამოცანები დასახეს. ძიანგსის პროვინციის დელეგაციის წარმომადგენლებმა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ჩინეთში 2018 წლის ნოემბერში დაგეგმილ საერთშორისო ეკოლოგიურ ფორუმზე მიიწვიეს, რომლის მიზანი ჯანსაღი და მწვანე გარემოს შესაბამისი პროდუქციის წარმოების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და ინფრასტრუქტურის შექმნის ხელშეწყობაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები