საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებმა დელეგაციების თანხლებით გაფართოებული შეხვედრა გამართეს

გიორგი მარგველაშვილმა და სერჟ სარგსიანმა, დელეგაციების თანხლებით, გაფართოებული შეხვედრა გამართეს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სერჟ სარგსიანის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს და სომხეთის დელეგაციებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა.
პრეზიდენტებმა, დელეგაციებთან ერთად, ეკონომიკური თანამშრომლობისა და სავაჭრო ურთიერთობების საკითხებზე იმსჯელეს.
აღინიშნა წინსვლა ვაჭრობის და ტურიზმის მიმართულებით. მიმდინარე წლის მონაცემებით, ტვირთბრუნვა გაზრდილია 24%-ით, ვიზიტორთა რაოდენობა კი 18.5%-ით, თუმცა ნამდვილად არ არის შესაძლებლობების მაქსიმუმი და დელეგაციები თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტულ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.
დელეგაციებს შორის შეხვედრისას საუბარი შეეხო: მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას ენერგეტიკისა და ბიზნესის სფეროებში და ასევე კულტურისა და განათლების მიმართულებით ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურების საკითხს.
როგორც აღინიშნა, საქართველო მზადაა, საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს სომხეთს ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებით, რადგან, როგორც ცნობილია, სომხეთსა და ევროკავშირს შორის ყოვლისმომცველი პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებაზე შეთანხმება გაფორმდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ალექსანდრე ბარბაქაძე, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი საგანელიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები