ვალერიან გორგილაძე: გიორგი გახარია ძალიან აფასებს საზოგადოებრივ აზრს და აცნობიერებს იმ საფრთხეებს, რომელიც დღეს ქვეყნის წინაშე დგას

ნათლად ჩანს, რომ გიორგი გახარია ძალიან აფასებს საზოგადოებრივ აზრს და გარდა ამისა, ადეკვატურად აცნობიერებს იმ საფრთხეებს, რომელიც დღეს დგას ქვეყნის წინაშე – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვალერიან გორგილაძემ „კვირასთან“ საუბარში განაცხადა.
პოლიტოლოგმა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მიერ, „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში წარმოდგენილი ხედვები დადებითად შეაფასა.
„გიორგი გახარია არის პირველი მინისტრი, რომელსაც აქვს სურვილი და ზრახვა, აუხსნას მოსახლეობას, რეფორმების, გამოწვევების, უწყების პოლიტიკის შესახებ. ნათლად ჩანს, რომ გიორგი გახარია ძალიან აფასებს საზოგადოებრივ აზრს და გარდა ამისა, ადეკვატურად აფასებს იმ საფრთხეებს, რომელიც დღეს დგას ქვეყნის წინაშე წესრიგის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ის აცნობიერებს, რომ მხოლოდ ცალკეული სტრუქტურა ვერ შეძლებს ამ წესრიგის მოგვარებას, რომ არა საზოგადოებრივი მხარდაჭერა, რომელიც უნდა გააჩნდეს ამ სისტემას. ის აქცენტირებულად ამბობს, რომ სჭირდება ნდობის მოპოვება, ის არის თვითკრიტიკულიც, როდესაც ამბობს, რომ პოლიციამაც უნდა გადადგას ნაბიჯები ამ ნდობის მოსაპოვებლად, შინაგან საქმეთა მინისტრი საპოლიციო კონტროლს აფასებს ძალიან საინტერესოდ – აცხადებს, რომ საპოლიციო კონტროლი არ არის საუკეთესო ინსტრუმენტი, თუმცა, რადგან უწყებას გააჩნდა ოპერატიული მასალა, რომ საახალწლოდ მოხდებოდა სამართალდარღვევის შემთხვევების ზრდა, იძულებულნი იყვნენ მიემართად აღნიშნული ინსტრუმენტისთვის. ვხედავთ, რომ ამ ნაბიჯმა ეფექტური შედეგი გამოიღო“ -აცხადებს ვალერიან გორგილაძე.
პოლიტოლოგი თვლის, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა, უბნის ინსპექტორების ფუნქციების გაძლიერებაზე, სწორი განცხადება გააკეთა. „მინისტრმა თქმა, რომ საპოლიციო კონტროლი არის საფრთხეების პრევენცირება, მაგრამ აქვე გამოთქვა მწუხარებას იმასთან დაკავშირებით, რომ მსგავსი ღონისძიებები საზოგადოებაში მხარდაჭერას არ პოულობს. ის ყურადღებას ამახვილებს უბნის ინსპექტორის ინსტიტუტზე. ვხედავთ, რომ ამ ინსტიტუტმა თავისი საზრისი დაკარგა, ჩვენ კი ვიცით, რომ არსებობს, მაგრამ რას აკეთებს ეს პოლიციელი, არავინ იცის. სწორედ პრევენციას, ინფორმაციის შეგროვებას, როგორც მათ მთავარ ფუნქციას, ასახელებს გახარია, ვინაიდან უბნის ინსპექტორში ხედავს სწორედ ამ ფუნქციას. ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება – ეს არის პრევენცია თუ კი ეს ინსტიტუტი გახდება ეფექტიანი, თუ კი ინსპექტორს ექნება ინფორმაცია პოტენციურ დამნაშავეებთან, კრიმინალებთან დაკავშირებით, სამართალდამცველებს ბევრად უფრო გაუადვილდებათ შესაბამისი პრევენციული საქმიანობის განხორციელება და შეიძლება არც დასჭირდეთ საპოლიციო კონტროლი“, -აცხადებს ვალერიან გორგილაძე.
ამასთან, პოლიტოლოგი თვლის, რომ გახარია რეალურად აფასებს ნარკოპოლიტიკის კუთხით არსებულ მდგომარეობას და კარგად აქვს გააზრებული კრიმინალურ მენტალიტეტთან ეფექტური ბრძოლის მნიშვნელობა.
„ერთ კილოგრამ ჰეროინს როცა ამოიღებ, ეს არის წარმატება პოლიციური ოპერაციისა, თუმცა ეს არის საგანგაშო სიგნალი, რადგან დიდი რაოდენობაა. გიორგი გახარია ამ პრობლემას აცნობიერებდა და აცნობიერებს. როდესაც მინისტრად ამტკიცებდნენ, გახარიამ თავის გამოსვლაში თქვა, რომ ნარკოპოლიტიკა და ნარკოდილერები არიან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მათ საქმიანობაში. ამასთან, დიდი გამოწვევაა კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლა. კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლა არის აუცილებელი, ეს მენტალიტეტი დღემდე კვებავს კრიმინალურ გარემოს. ზრდის კრიმინალურ სივრცეში ჩართულთა რაოდენობას. ამ საფრთხეებსაც აცნობიერებს გიორგი გახარია „ -აცხადებს პოლიტოლოგი.
პოლიტოლოგი მიესალმება საგამოძიებო და ოპერატიული ფუნქციების გამიჯვნის იდეასაც.
“მინისტრი საუბრობს იმაზეც, რომ აუცილებლად უნდა განხორციელდეს რეფორმა კრიმინალურ პოლიციაში, რათა მოხდეს მკვეთრი გამიჯვნა ოპერატიულ ფუნქციებსა და საგამოძიებო ფუნქციებს შორის. ის აქცენტს აკეთებს იმ მომენტზე, რომ კვალიფიკაციის ამაღლება და ფუნქციების დაყოფა აუცილებელია იმისთვის, რომ პოლიცია კონკურენტუნარიანი იყოს სასამართლოში. სასამართლო ახლა სწავლობს დამოუკიდებლობას, მთელი 5 წლის განმავლობაში ამას ცდილობდა და პროგრესი აშკარაა, ახლა საჭიროა, რომ პოლიციამ, მათ შორის კრიმინალურმა, დასაბუთებულად დაამტკიცოს ბრალდებულება და არა ისე, როგორც ეს სააკაშვილის დროს ხდებოდა, როცა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა 2% იყო. შეიძლება ითქვას, რომ გახარიას მოსაზრებები აბსოლუტურად ადეკვატური, რელევანტურია დღევანდელი საფრთხეების მიმართ ის აცნობიერებს და მწყობრად, ლოგიკურად, გასაგებად აყალიბებს თავის მოსაზრებებს” – აღნიშნა გორგილაძემ „კვირასთან ” საუბარში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები