ეკა ჩხეიძე „სითი პარკის“ წინააღმდეგ საუბრობს

„ცოტა ხალხს მოგვხედეთ“ – ამბობს მსახიობი ეკა ჩხეიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში და „სითი პარკის“ წინააღმდეგ ღიად საუბრობს.
როგორც გამოცემასთან ეკა ჩხეიძე აცხადებს, რამდენიმე დღის წინ იგი „სითი პარკმა“ დააჯარიმა.
„ამასწინათ, სახლთან მყავდა მანქანა გაჩერებული, გარეთ გამოსულს აღარ დამხვდა. პატრულმა დიღომში, საჯარიმოზე გადაიყვანა. იქ მისულს მითხრეს ოფიციალური ჯარიმა 30 ლარია, მაგრამ 88 ლარი უნდა გადაიხადოო, ტრანსპორტირებისთვის! როცა მანქანა „სითი პარკს“ მიჰყავს, 70 ლარი ღირს, პატრულმა 88 ლარი მომთხოვა. თურმე ჩემი სახლიდან შორი იყო და მანქანის გადაყვანა ძვირი დაუჯდათ. მაპატიეთ, რუსთაველზე რომ ვცხოვრობ და არა დიღომში! არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში სახლთან დაყენებული მანქანა საჯარიმოზე არ გადაჰყავთ. გარდა ამისა, სადაც ჩემი მანქანა იდგა, იქ აკრძალვის ნიშანიც არ არის. მითხრეს, სავალ ნაწილზე ორი ბორბალი იყო გადმოსულიო. როგორ იქნებოდა გადმოსული, როცა იმ ქუჩაზე მანქანები ორ რიგად დგას? გარშემო მთელი ქვედა ქუჩები გადათხრილია და მოსახლეობა ვერსად ვერ აყენებს მანქანებს, სახლში ხომ არ ავიყვანთ მანქანებს?!“ – რიტორიკულ კითხვას სვამს მსახიობი და ამბობს, რომ მას ხშირად იმ დროს აჯარიმებენ, როდესაც სახლშია და მანქანა სახლთან არის გაჩერებული.
ამასთან, ეკა ჩხეიძე ხელისუფლებას მიმართავს, რომ იმ ჯარიმებით, რასაც მოსახლეობა სახელმწიფო ბიუჯეტში იხდის, მიწისქვეშა პარკინგები ააშენონ.
„რაც ჩვენგან ფული შედის, იმდენი პარკინგი აშენდება, ვერც დაითვლიან. ყველაფერი მძღოლების და მოსახლეობის წინააღმდეგ არის! დღეს, ეს მხოლოდ ეკა ჩხეიძის პრობლემა არ გახლავთ. ამას ყველა აპროტესტებს, ერთი ხმა რომ ამოვიღო – რამდენს გაქვთ პრეტენზია, გამოდით-მეთქი, იმდენი ადამიანი გამოვა, გადავთელავთ ყველაფერს! ვითხოვ ალტერნატიულ ადგილს და კითხვაზე პასუხს, სად დავაყენო მანქანა?! არ შეიძლება ყველაფერი მოსახლეობიდან ამოიღონ. ცოტა ხალხის კომფორტზეც იზრუნონ. „სითი პარკიდან“ და პატრულიდან მილიონები შედის ბიუჯეტში. ამ ფულით მაინც აშენდეს სადგომები! ხალხისკენ მობრუნდით და მათ ინტერსებს გაუფრთხილდით! ეს რჩევაც არის და იმედიც იმისა, რომ მომავალში რაღაც სასიკეთოდ მაინც შეიცვლება“ – ამბობს ეკა ჩხეიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები