რომის პაპი ილია მეორეს: მადლობა უფალს, რომ მომმადლა წყალობა, პირადად გამეცანით

გულში ცოცხლად ვინახავ ხსოვნას, თქვენი ქვეყნის სულიერების, ქრისტიანობისა და კულტურისა, რომლის გაცნობის და დაფასების საშუალება მომეცა, – ამის შესახებ რომის პაპის, ფრანსისკეს მილოცვაშია ნათქვამი, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს ინტრონიზაციის 40 წლის იუბილეს ეძღვნება.
„მოხარული ვარ, ძმური სიყვარულით გადმოგცეთ ჩემი მხურვალე მოლოცვა. ვუერთდები თქვენს უწმინდესობას, თქვენს ეკლესიასა და ძვირფას ქართველ ხალხს. ბიბლიის მიხედვით, 40 წელი ის დროა, რომლის განმავლობაშიც, რჩეული ერი, ღმერთმა უდაბნოში ატარა, აღთქმული მიწის დასამკვიდრებლად. თქვენც, თქვენო უწმინდესობავ, ამ 40 წლის მანძილზე უდაბნოში ვლიდით და წინ მიუძღოდით თქვენს ერს, ათეიზმის ხრიოკ ტრამალზე, სანამ კვლავ არ აღმოცენდა და გაიფურჩქნა, რწმენა უფლისა, საქართველოს ოდითგანვე ღვთითკურთხეულ და ურიცხვწამებულთა სისხლით გაჯერებულ, ათას ჭირ-ვარამ გამოვლილ, ჯვრის ნიშით აღბეჭდილ და ქართველი ხალხისთვის დამახასიათებელი თამამი იმედებით გაცისკროვნებულ მიწაზე. ძვირფასო ძმაო! გულში ცოცხლად ვინახავ ხსოვნას, თქვენი ქვეყნის სულიერების, ქრისტიანობისა და კულტურისა, რომლის გაცნობის და დაფასების საშუალება მომეცა, ჩემი შარშანდელი ვიზიტის დროს. მადლობას ვუძღვნი უფალს, რომ მომმადლა წყალობა, პირადად გამეცანით და წმინდა ძმური ამბორით გადაგხვეოდით. მადლიერი ვარ უფლის, იმ მღელვარებისა და სიხარულისთვის, რომელსაც ის შეხვედრა და თქვენი პიროვნება დღესაც აღძრავს ჩემში. შობის წინა დღეებში, თქვენს 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მსურს ჩვენს საერთო მამას, ვთხოვო მოგმადლოთ ჯანმრთელობა, ნუგეში, სულიერი სიხარული და შინაგანი ძალა, არ მოაკლოს თავისი უხვი წყალობა, თქვენს ძვირფას მსახურებას და თქვენს სიცოცხლეს. განსაკუთრებით კი მსურს დაგარწმუნოთ, რომ საქართველოში კათოლიკურ ეკლესიასთან ერთად, გამუდმებით ვილოცებ თქვენი უწმინდესობის და უნეტარესობისთვის. ვთხოვ უფალს, რომ თქვენს გულში მეც მიმიჩინოს ადგილი და ვიმედოვნებ, რომ როგორც სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში დაუვიწყარი ვიზიტისას ითქვა, ლოცვა და სიყვარული შეგვაძლებინებს, აღვასრულოთ ის, რაც უფალმა თავის მორწმუნეებს უსურვა, მოციქულთა სიტყვის მეშვეობით – რათა ყოველი ერთ იყვნენ“, – ნათქვამია რომის პაპის მილოცვაში, რომელიც სვეტიცხოვლის ტაძარში პროტოპრესსვიტერმა, მამა გიორგი ზვიადაძემ წაიკითხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები