ზაქარია ქუცნაშვილი საპოლიციო კონტროლში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი საპოლიციო კონტროლში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს.
როგორც დეპუტატმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მსგავსი ღონისძიებები, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, პერიოდულად საჭიროა.
„ბატონი გახარიას დამტკიცების დროს, მან წარადგინა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, ის პრევენციული ღონისძიებების გატარებზე აპირებს აქცენტის გაკეთებას, ნაცვლად რეპრესიულისა, რაც ნიშნავს იმას, რომ დანაშაული გამოვავლინოთ განზრახვის და არა ჩადენის ეტაპზე, ან ჩადენის შემდეგ.
ვფიქრობ, რომ ეს სწორი მიდგომაა, როცა პოლიცია ცდილობს დანაშაული აგვაცილოს თავიდან და არა დამნაშავე დასაჯოს. ამიტომაც, მიდგომა, რომ პრევენციაზე გაკეთდეს აქცენტი და არა რეპრესიაზე, არის ძალიან სწორი. ბუნებრივია, განზრახვის ეტაპის გამოვლენა მოითხოვს პოლიციური კონტროლის მექანიზმების გამოყენებას. თუ ადამიანს ბოროტი განზრახვა არ აქვს, რატომ უნდა დადიოდეს შიარაღებული ქუჩაში, თუ ეს მის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული იარაღი არ არის. პრევენციის ეტაპზე მოქმედება მოიცავს პოლიციური კონტროლის სხვადასხვა მექანიზმების გამოყენებას და გარკვეულწილად, შესაძლოა, უხერხული ვითარებაც შეიქმნას მოქალაქეებთან მიმართებაში, მაგრამ სჯობს უხერხული ვითარება შეიქმნას პოლიციური კონტროლის დროს, ვიდრე, _ დანაშაულის შედეგების აღმოსაფხვრელად. თუ დანაშაული შედგა, ეს ნიშნავს, რომ დაზარალებული გვყავს“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

რაც შეეხება პოეტ ზვიად რატიანის შემთხვევას, დეპუტატი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე დასკვნების გაკეთებისგან თავს შეიკავებს.
 
„რაც შეეხება ზვიად რატიანის შემთხვევას, ამასთან დაკავშირებით მე არ გავაკეთებდი შორსმიმავალ დასკვნებს. ჩვენ კარგად გვახსოვს საზოგადოების სხვა წარმომადგენლების განცხადებებიც, რომ ცასავით მართლები იყვნენ პოლიციასთან მიმართებაში და როცა გასაჯაროვდა ვიდეო-კადრები, აღმოჩნდა, რომ მოქალაქეები შეუფერებლად იქცეოდნენ. გავიხსენებ ერთ ასეთ შემთხვევას, როდესაც პარლამენტის წევრი – კარბელაშვილი გვარწმუნებდა, რომ მას სცემეს, პოლიციამ დაჩაგრა, თუმცა, მერე გამოქვეყნდა კადრები და აღმოჩნდა, რომ პირიქით იყო და მას საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდა მოუწია. ამიტომ, არ გავაკეთებდი ნაჩქარევ დასკვნებს, ვისურვებდი, რომ მოქალაქის მხრიდან ძალადობის თუ უცენზურო სიტყვების გამოყენების შემთხვევაში, პოლიციამ შეძლოს, რომ ის დააკავოს, რაც შეიძლება ნაკლები ზიანის მიყენების შედეგად, რომ მერე ეს სალაპარაკო არ შეიქმნას“, – აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვლმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები