ახალ მინისტრთა კაბინეტს პარლამენტი ხვალ დაამტკიცებს

საპარლამენტო უმრავლესობა ხვალ პრემიერ-მინისტრის გიორგი კვრიკაშვილის მიერ წარდგენილ ახალ მინისტრთა კაბინეტს დაამტკიცებს.

პლენარული სხდომა ქუთაისის პარლამენტში 12:00 საათისთვისაა ჩანიშნული.

როგორც უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, უმრავლესობა ახალ გუნდს მხარს დაუჭერს.

დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, 18 სამინისტროდან 14 უწყება დარჩება. 4 უწყება – ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სხვა უწყებებს უერთდება.
უფრო კონკრეტულად კი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი;
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ხოლო აღნიშნული უწყების სპორტის კომპონენტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება;
გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები