დავით სერგეენკო პარლამენტში მომხდარზე: ღირსება არის უზენაესი ღირებულება მთავრობის წევრებისთვისაც

ღირსება არის უზენაესი ღირებულება მთავრობის წევრებისთვისაც და ნებისმიერი ადამიანისთვის, – ასე შეაფასა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის მომხდარი დაპირისპირება.

მისი თქმით, პრემიერსა და ნიკა მელიას შორის მომხდარი ცალსახად პროვოცირებული იყო.

“ღირსება არის ხელშეუხებელი და რაღაც ზღვარი აქვს ყველაფერს, მათ შორის თმენის ვალდებულებასაც. ცალსახად პროვოცირებული იყო.

მთავრობის წევრები მაქსიმალურად ვიკავებთ ყოველთვის თავს. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რა ძალისხმევა გვჭირდება ამისთვის, მაგრამ ღირსება ხელშეუხებელია.

რაღაც ზღვარი ყველაფერს აქვს და ამ ზღვარს არ უნდა გადააბიჯოს არავინ”, – განაცხადა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე დაპირისპირება მოხდა, სადაც გიორგი კვირიკაშვილსა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ.

კვირიკაშვილის მიერ მელიას მისამართით გაჟღერებულ უცენზურო მიმართვას, ოპოზიციონერი დეპუტატის მხრიდან საპასუხო რეპლიკები მოჰყვა. მელიამ კვირიკაშვილს „უნამუსო“ და „კორუმპირებული“ უწოდა.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიას უცენზურო და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.

სიტყვიერი შელაპარაკების შედეგად სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ მის განტვირთვას მანდატურების და პრემიერის დაცვის ჩარევა დასჭირდა.

მოგვიანებით პრემიერმა მომხდარის გამო საზოგადოებას მოუბოდიშა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები