რიგითს, რომელმაც თვითნებურად მიატოვა საგუშაგო და მასზე მინდობილი იარაღით გაიქცა, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

რუსთავის მე-17 დაწესებულების გუშაგს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მასზე სამსახურეობრივი სარგებლობისთვის მინდობილი იარაღით გაიქცა, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა 5 დეკემბერს მოხდა და გუშაგი იმავე დღეს დააკავეს.
როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, რიგით ტ.ბ.-ს, რომელმაც თვითნებურად მიატოვა პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე მდებარე საგუშაგო, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.
„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის სამმართველოს N17 განყოფილების გუშაგი რიგითი ტ.ბ., რომელმაც თვითნებურად მიატოვა პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე მდებარე საგუშაგო, იმავე დღე დააკავეს.
შემთხვევა 2017 წლის 5 დეკემბერს მოხდა, როცა რიგითმა საპატიო მიზეზის გარეშე, სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით, მიატოვა საგუშაგო და მიიმალა სამსახურეობრივი სარგებლობისთვის მინდობილი იარაღით. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის შს სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა ტ.ბ. 2017 წლის 5 დეკემბერსვე დააკავეს, ხოლო 7 დეკემბერს მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ტ.ბ.-ს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილითა და 389-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ პუნქტით აქვს წარდგენილი. ტ.ბ. სამხედრო სავალდებულო სამსახურში 2017 წლის 26 ივნისიდან ირიცხებოდა. ამჟამად, ის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება“, – ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები