როგორ მოიქცეოდა მადამ ბოვარი, სკაიპი რომ ჰქონოდა?
27 იანვარს, 19 საათზე, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ საქართველოს მწერალთა სახლში ლაშა ბუღაძე ორ ახალ წიგნს – “ლუკრეცია 515” და „პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა“ წარადგენს. “ლუკრეცია 515″ -ში კლასიკური ნაწარმოებების გმირების თანამედროვე, ორიგინალური ხედვაა წარმოდგენილი. როგორ მოიქცეოდა მადამ ბოვარი, სკაიპი რომ ჰქონოდა? როგორ იძიებდა შურს მედეა იასონზე, ფეისბუქის მომხმარებელი რომ ყოფილიყო? მიუსწრებდა თუ არა რომეო ჯულიეტას, წერილი ელექტრონული ფოსტით რომ მიეღო? შეძლებდა თუ არა სანდრო პირადი სივრცის დაცვას უცხო სხეულებისგან, ინტერნეტი რომ არ ჰქონოდა? მკითხველს, რომანის პერსონაჟების მსგავსად, სანდროს პირადი ფოსტის გატეხვა მოუწევს და თუკი იქ შესვლას მოახერხებს, იმას იპოვის, რაც წიგნში არ წერია. რაც შეეხება ლაშა ბუღაძის ნაწარმოებს – „პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა“, მასზე “დეილი ტელეგრაფი” წერს, რომ „ეს პიესა შლის ზღვარს რეალურსა და გამონაგონს შორის და მაყურებეთან წარმოუდგენლად ძლიერი მუხტი მიაქვს“.