“თუ დღეს საგუშაგო სამსახურის ფორმა და შინაარსი არ მოგვწონს, ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ”

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, წვევამდელები სამხედრო ამოცანებისთვის უნდა მომზადდნენ, რისთვისაც წვრთნის ის პროგრამები უნდა გამოიყენონ, რაც საერთო ჯამში, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას მოემსახურება.
ირაკლი სესიაშვილმა წვევამდელებისთვის პირობების გაუმჯობესებასა და ამ თვალსაზრისით რეფორმის გატარების აუცილებლობაზე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თავდაცვის სამინისტროში სწორი და ეფექტური რეფორმა გატარდა, რომელიც წვევამდელებს შეეხო.
მისივე თქმით, საზოგადოებაში იმის წუხილი არსებობდა, რომ ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები ქვეყანას ნაკლებად დატვირთულ რეჟიმში ემსახურებოდნენ, რის გამოც, რეფორმის გატარება გახდა საჭირო.
„წვევამდელები ზუსტად იმ რეჟიმში ჩავაყენეთ, რომელშიც ჩვენი საკონტრაქტო მოსამსახურეები არიან. რას გულისხმობს, ეს? – როგორც ყველა საკონტრაქტო მოსამსახურე, ასევე, წვევამდელიც პირველად სამხედრო მომზადებას გადის, რომელიც არის ნატოს სტანდარტი და ყველაზე გამორჩეული მომზადების პროგრამა. წვევამდელები საკონტრაქტო პირებთან ერთად ყველა იმ წვრთნას გადიან, რაც ეს საერთო სამხედრო არმიაში ხორციელდება. ამასთან, წვევამდელები ზუსტად იმ რეჟიმით სარგებლობენ, როგორც საკონტრაქტო მოსამსახურეები. კერძოდ, 18:00 საათის შემდეგ, მათ თავისუფალი დრო აქვთ და შაბათ-კვირის დასვენებითაც სარგებლობენ, რაც სწორი მიდგომაა. ეს რეფორმა გამართლებულია, მაგრამ ჩვენი წვევამდელები სხვა გასამხედროებულ თუ უსაფრთხოების სამსახურებშიც მსახურობენ“, – აღნიშნა დეპუტატმა.
სესიაშვილის განცხადებით, წვევამდელებთან დაკავშირებით კონკრეტული ინიციატივების მომზადების მიზნით, კომისია ფაქტობრივად, უკვე ჩამოყალიბებულია.
„ჩვენი ინიციატივაა, რომ წვევამდელების სამხედრო მიზნებისთვის, ამოცანებისთვის მომზადება მაქსიმალურად მოვახდინოთ და ამ მომზადებაში წვრთნის ის პროგრამები გამოვიყენოთ, რაც საერთო ჯამში, ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიაონობას მოემსახურება. საზოგადოების მხრიდან სამხედრო სავალდებულო სამსახურისადმი ნიჰილიზმი გამოიხატა და ეს მესმის, მაგრამ სტერეოტიპს ვგმობ, რომ რომელიმე სამსახურის ერთგვარი დისკრედიტაცია არ მოხდეს. სამწუხაროდ, გუშაგების მიმართ არაღიარებული შეფასება გვესმის, რაც შეურაცხმყოფელია, რადგან ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გუშაგები ის ადამიანები იყვნენ, ვინც პირველი დამცველები იყვნენ და ვინც მტერს ეგებებოდნენ. ეს ყოველთვის ღირსეული სამსახური იყო. თუ დღეს საგუშაგო სამსახურის ფორმა და შინაარსი არ მოგვწონს, ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ. შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებს ვესაუბრე და თითოეული მათგანი ფიქრობს, რომ არსებული პირობები გააუმჯობესოს და თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენოს, რომელმაც შეიძლება საგუშაგო სამსახური ჩაანაცვლოს, რაც იმის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ წვევამდელთა უდიდესი ნაწილი მიმართული იყოს თავდაცვის ამოცანებისა და მიზნებისთვის“, – განაცხადა სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები