კურორტ გოდერძიზე ზამთრის სათხილამურო სეზონი გაიხსნა

 მაღალმთიან აჭარაში, კურორტ გოდერძიზე ზამთრის სამთო-სათხილამურო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორი სანდრო ონოფრიშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური ზურაბ პატარაძე დაესწრნენ.

კურორტის ოფიციალურ გახსნაზე აღინიშნა, რომ კურორტ გოდერძიზე განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავების ფარგლებში, მისი განვითარების ახალი ეტაპი დაიწყო. ამ ეტაპზე, აღნიშნულ სამთო-სათხილამურო კურორტზე 6 მაღალი დონის სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 80 მილიონ ლარს შეადგენს. ახალი პროექტებით კურორტს 500 ახალი სამუშაო და 435 განთავსების ადგილი დაემატება. გახსნის ცერემონიალზე, ასევე, ხელი მოეწერა ხელშეკრულებებს 4 ახალი საინვესტიციო პროექტების დაწყების თაობაზე, რომლებიც აჭარის ავტომონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ოთხ კომპანიასთან გააფორმა.

2017 – 2018 წლების ზამთრის სეზონზე კურორტ გოდერძიზე ტურისტებისთვის იმუშავებს ორი დიდი საბაგირო (გონდოლას და ბაბლის ტიპის). აგრეთვე, ახალ სეზონზე სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურას შემოემატა ორი მცირე ზომის საბაგირო, 200-მეტრიანი ბიგელი და 80-მეტრიანი მოძრავი ხალიჩა, ასევე, მოეწყო საბავშვო არეალი და გაიხსნა სწრაფი კვების ობიექტები.

კურორტ გოდერძიზე სათხილამურო გზის საერთო სიგრძე 8 კილომეტრია, მაქსიმალური სიმაღლე კი ზღვის დონიდან 2366 მეტრი. კურორტის განვითარების ფარგლებში, 1761-მეტრიანი შიდა გზა და სანიაღვრე არხები მოეწყო, ასევე, განთავსდა განათების ბოძები. ახალი გზა ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალს საინვესტიციო მიწის ნაკვეთებთან აკავშირებს.

გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით, გონდოლას ქვედა სადგურთან მოეწყო სივრცეები, სადაც მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა ტიპის აქტივობები ჩატარდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები