სოფიო ქაცარავა ეუთოს მინისტერიალის საბჭოს შეხვედრებში მონაწილეობს

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიორგი წერეთელი მინისტერიალის საბჭოს მუშაობაში მონაწილეობენ.

მინისტერიალის საბჭოს სხდომაზე, სადაც უსაფრთხოების არსებული გამოწვევები და მათი მოგვარების საკითხები განიხილება, ეუთო-ს სივრცეში რუსეთის აგრესიული ქმედებები ხაზგასმით აღინიშნა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მინისტერიალის საბჭოზე მსოფლიო ლიდერებმა თავიანთი მტკიცე პოზიცია გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და დაგმეს რუსული აგრესია. განსაკუთრებით მკაფიო გზავნილები მივიღეთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრისგან ევროპის და ამერიკის საკითხებში და სხვა ჩვენი სტრატეგიული და მეგობარი ქვეყნებისგან”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

მისივე თქმით, როგორც ეუთოს მინისტერიალი ასევე, საპარლამენტო ასამბლეა ის ფორმატებია, სადაც ჩვენი ქვეყნის საკითხები საერთაშორისო ყურადღების ცენტრში ექცევა.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ხაზგასმა იზრდება ასეთი მაღალი დონის ფორუმებში. ვფიქრობ, ეს შეხვედრაც არის კარგი შესაძლებლობა არსებული გამოწვევების ფონზე მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობით ხელი შევუწყოთ ეუთო-ს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას”, – განაცხადა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა.

ეუთოს მინისტერიალი ორგანიზაციის ცენტრალური გადაწყვეტილებების და მმართველობის ორგანოს წარმოადგენს. ყოველწლიურ შეკრებაზე ორგანიზაციის წევრი ქვეყნების 57 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები, ეუთოს სივრცეში არსებულ პრობლემებს და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები