გიგი წერეთელი ვენაში სერგეი ლავროვს შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი გიგი წერეთელი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში, ეუთო-ს მინისტერიალს ესწრება, სადაც მან, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ეუთო-ს მინისტერიალს სიტყვით პირველად მიმართა. ინფორმაციას 1 tv ავრცელებს.

გიგი წერეთელი ეუთო-ს გენერალური მდივნის, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის გარდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვსაც შეხვდა.

წერეთლის განცხადებით, შეხვედრაზე მან რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე ილაპარაკა.

„სხვა შეხვედრებთან ერთად, როგორც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მქონდა შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ეს ეხებოდა კონკრეტულ თემას. რუსეთთან ეუთო ანტიტერორისტული მიმართულებით თანამშრომლობს. რუსეთი ეუთო-ს წევრია, თუმცა მინდა ასევე გითხრათ, რომ ეუთო-ს საერთო საკითხების გარდა, ჩვენ გვქონდა საუბარი საქართველოზე, რუსეთის მიერ იმ პრინციპების დარღვევაზე და იმ სირთულეებზე, რომლებიც არის ჩვენს ურთიერთობებში. ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციას და ადამიანის უფლებებს. შეხვედრა ეხებოდა სხვა საკითხებს, მაგრამ მე საქართველოზეც ვისაუბრე. არ შემიძლია დეტალებზე ვისაუბრო. ერთი რამ შემიძლია გითხრათ – მას არ უთქვამს, რომ პრობლემები არ არის და ჩვენ არ გვიდავია ამ საკითხებზე. პრობლემები არსებობს, მაგრამ ეუთო-ს ფილოსოფიაა, რომ გვჭირდება დიალოგი ამ პრობლემების მოსაგვარებლად. მე სწორედ ასე დავასრულე შეხვედრა, რომ მთავარია ჰელსინკის პრინციპები და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი“, – განმარტა წერეთელმა.

ევროპული საქართველოს წევრი გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი 8 ნოემბერს გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები