ისრაელის არმიასა და პალესტინელებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად სულ მცირე 31 ადამიანი დაშავდა

მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროსა და ღაზის სექტორში ისრაელის არმიასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად სულ მცირე 31 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ მედიკოსებზე დაყრდნობით Reuters-ი წერს.
არეულობა აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისარელის დედაქალაქად გამოცხადებას მოჰყვა. წინასწარი მონაცემებით, დაშავებულთა უმრავლესობამ დაზიანება რეზინის ტყვიებისა და გაზის გამოყენების გამო მიიღო . ერთი ადამიანი კი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაიჭრა.
6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარებს. ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ისრაელში აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაინაცვლებს.
ისრაელის პრემიერმა აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას ისტორიული უწოდა და დონალდ ტრამპს “მამაცი და სამართლიანი” გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.
თავის მხრივ მოძრაობა ჰამასმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება იერუსალიმზე ომის გამოცხადების ტოლფასია.
აშშ-ის მიერ იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე ხვალ გაერო-ს უშიშროების საბჭო სხდომას გამართავს.
აშშ-ის მხრიდან ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარება ჯორჯ ბუშის წინასაარჩევნო დაპირება იყო, თუმცა მან აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავა.
იერუსალიმს გაეროსგან გაყოფილი ერთეულის, Corpus Separatum-ის სტატუსი აქვს მინიჭებული. ქალაქი, როგორც ისრაელი, ასევე პალესტინური საკუთარ დედაქალაქად განიხილავს. ანალიტიკოსები წლებია შიშობენ, რომ აშშ-ის მხრიდან იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება რეგიონში კონფლიქტის გამწვავებას გამოიწვევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები