ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა შშმ პირებს უმასპინძლა

ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან შეხვედრა გაიმართა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, შესაძლოა, პარლამენტში ტრადიციად დამკვიდრდეს ყოველწლიურად ადამიანის უფლებების კვირეულის გამართვა.

დღევანდელ შეხვედრაზე ბანკებში შშმ პირების უფლებების შესახებ ისუბრეს. ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ საბანკო სექტორის წარმომადგენლები.

„არსებობს გარკვეული ხარვეზები ამ კუთხით და ჩვენი დიდი სურვილია, შშმ პირებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ისარგებლონ სხვადასხვა საბანკო სერვისით. ამიტომ კარგი ფორმატია, როცა ბანკების წარმომადგენლები და პარლამენტი თემთან ერთად იკრიბება და აღნისნულ საკითხს ერთობლივად განიხილავს”,- განაცხადა სოფო კილაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, არის რამდენიმე გამოწვევა, რომლის გადაჭრაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„უსინათლო და მცირედ მხედველ, ზედა კიდურების პრობლემის მქონე და მობილურობის შეფერხების მქონე ადამიანებს ხშირად ექმნებათ პრობლემები ბანკომატებთან დაკავშირებით, ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორი შშმ პირებს განიხილავდეს როგორც მომხმარებლებს და არა როგორც ბენეფიციარებს”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლოდ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს.

კომიტეტი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მუშაობას საბანკო სექტორთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები