მამაკაცს, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე სანადირო თოფით ცოლი მოკლა, 9 წელი მიუსაჯეს
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული გ.გ დამნაშავედ სცნო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,108-ე მუხლით.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 13 აგვისტოს, გ.გ.-მ მისსავე საცხოვრებელ სახლში, განაწყენებისა და ეჭვიანობის ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლე თ.ბ-ს სანადირო თოფიდან გულმკერდის არეში დამიზნებით ესროლა. მიღებული დაზიანების შედეგად, თ.ბ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა გ.გ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111,108-ე მუხლით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გ.გ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.