მიხეილ სააკაშვილზე ძებნა გამოცხადდა

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ოდესის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილზე ძებნა გამოაცხადა. ამის შესახებ უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია წერს.

“გენერალურმა პროკურატურამ მოამზადა და გადასცა უკრაინის ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელს დადგენილება სააკაშვილზე ძებნის გამოცხადების შესახებ”- განაცხადა გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა.

უფრო ადრე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ მიხეილ სააკაშვილს უსაფრთხოების სამსახურში ნებაყოფლობით გამოცხადებისთვის 24-საათიანი ვადა მისცა.

პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ ვადის გასვლის შემდეგ სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ სააკაშვილი გამოძიების წინაშე წარდგეს.

მიხეილ სააკაშვილი კიევში დღეს დააკავეს, თუმცა მხარდამჭერებმა ის მიკროავტობუსიდან დაიხსნეს. ბორკილდადებული ოდესის ყოფილი გუბერნატორი ხალხის წინაშე სიტყვით გამოვიდა. მან გენერალური პროკურორის ბრალდებას ტყუილი უწოდა და მხარდამჭერებს მაიდანზე მშვიდობიანი აქციის გამართვისკენ მოუწოდა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე აცხადებენ, რომ სააკაშვილს დანაშაულებრივ დაჯგუფებებთან თანამშრომლობასა და მათი საქმიანობის დაფარვაში ედება ბრალი. პროკურატურა მას ხელისუფლების დამხობის მცდელობაში ადანაშაულებს.

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ სააკაშვილის გუნდს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის წარმომადგენლები აფინანსებდნენ. კერძოდ, მან დაასახელა გაქცეული ოლიგარქი, სერგეი კურჩენკო.

სააკაშვილისთვის წარდგენილი მუხლი სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები