მეუფე იაკობი: რუსეთ-საქართველოს ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სახელმწიფოსა და ეკლესიის ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს

პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საზოგადოებამ ტრაგიკული არაფერი უნდა დაინახოს იმაში, თუ სასაუბროდ შეიკრიბებიან და სხვადასხვა საკითხზე იმსჯელებენ.
მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე, აფხაზეთის საკითხზე იქნება საუბარი. მეუფეს განმარტებით, შესაბამისი ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, სახელმწიფოსა და ეკლესიის ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს.
„როდესაც რაღაც საკითხებია, ჯგუფები უნდა შეიკრიბონ და იმსჯელონ. შემდეგ ეკლესიაშიც განვიხილავთ. სახელმწიფო ინტერესებსაც უნდა უთანხმდებოდეს და ეკლესიის ინტერესებსაც. ამაში ტრაგიკულს ნურაფერს ხედავთ, თუ ვიღაც ვიღაცასთან ისაუბრებს. გააჩნია რა შედეგები მოჰყვება ამას. ეს ჯგუფი არ იქნება უფლებამოსილებით, რომ თავად გადაწყვიტოს საკითხები. პატრიარქთან შეთანხმების გარეშე, ვერავინ ვერაფერს გააკეთებს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.
შეგახსენებთ, რომ 4 დეკემბერს, მოსკოვში დაგეგმილ სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, დელეგაციის წევრები მოსკოვში გაემგზავრნენ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია სამი მღვდელმთავრით არის წარმოდგენილი და მას პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე და ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია პატრიარქობის აღდგენის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო ღონისძიებებზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე იყო მიპატიჟებული, თუმცა, უწმინდესი მოსკოვში ვერ მიემგზავრება. სავარაუდოდ, გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრების შეხვედრა რუსეთის პატრიარქთან, რომელზეც აფხაზეთში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, რუსეთ-საქართველოს ჯგუფის შექმნის საკითხს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები