ოთარ კახიძე: ვანო მერაბიშვილის საქმე იქნება პირველი და ისტორიული საქმე

„ვანო მერაბიშვილის საქმე იქნება პირველი და ისტორიული, მოლოდინი მაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება ობიექტური და დასაბუთებული“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ყოფილი ადვოკატის ოთარ კახიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სტრასბურგმა დაადასტურა, რომ სახელმწიფოს მხრიდან დარღვეულია ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი, ეს იქნება დადასტურება, რომ მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია და ხელისუფლება ვალდებული იქნება ის გაათავისუფლოს.
„ვანო მერაბიშვილის საქმე იქნება პირველი და ისტორიული საქმე, ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში, მთავარი მოლოდინი რაც მაქვს, არის ის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება ობიექტური და დასაბუთებული. რაც მთავარია, იმ შემთხვევაში თუ დიდი პალატა დაადგენს მე-18 მუხლის დარღვევას, რაც იმას ნიშნავს, რომ ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური ნიშნით დევნილი და პატიმარი, ხელისუფლებამ უნდა გადადგას შემხვედრი ნაბიჯი და გაათავისუფლოს მერაბიშვილი უკანონო პატიმრობიდან,“ – აცხადებს ოთარ კახიძე.
ცნობისათვის, ევროსასამართლოს 14 ივნისის გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლოს პალატამ, 7 მოსამართლის შემადგენლობით, ერთხმად დაადგინა, რომ ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი, თუმცა, გაჩნდა კითხვის ნიშანი 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით, რასაც არ დაეთანხმა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და 2016 წლის 13 სექტემბერს ეს გადაწყვეტილება დიდ პალატაში გაასაჩივრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები