მამუკა ბახტაძე აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს,  ვენჩაი ჟანგს (Wencai Zhang) შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოში მიმდინარე და სამომავლო პროექტებს  შეეხო.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება იმ მიმართულებით, რომელიც გათვალისწინებულია აზიის განვითარების ბანკის 2014-2018 წლებისთვის გათვალისწინებულ სტრატეგიაში და მიზნად ისახავს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას, რეგიონული კავშირის გაძლიერებას.

ფინანსთა მინისტრმა აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ინფორმაცია ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობისა და მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით მიმდინარე და საშუალოვადიან პერიოდში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ  მიაწოდა. მან ასევე, ყურადღება გაამახვილა ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით ფინანსთა სამინისტროს მიერ დაგეგმილ რეფორმებზე, მათ შორის, საგადასახადო მიმართულებით.

„აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი განვითარების პარტნიორია, რომლის აქტიური პორტფელი ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით 2.1 მილიარდი დოლარია და მოიცავს კერძო და საჯარო სექტორის დაფინანსებას და ტექნიკურ დახმარებას. ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტები მოიცავს საქართველოსთვის ისეთ პრიორიტეტულ სფეროებს, როგორიცაა გზები, მუნიციპალური და საქალაქო ინფრასტრუქტურა, წყალი და კანალიზაცია. ასევე, განსაკუთრებით მნიშნელოვანია ბანკის  მხარდაჭერა ინსტიტუციური რეფორმების, კერძოდ, საპენსიო რეფორმის მომზადების, კერძო და საჯარო თანამშრომლობის სისტემის შექმნის, კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

როგორც ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, ADB მომავალშიც გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას ყველა მიმართულებით, მათ შორის, ტექნიკური დახმარებისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით.  მან ასევე მაღალი შეფასება მისცა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს”, რომელიც საქართველოში უკვე მეორედ იმართება და იმედი გამოთქვა, რომ ფორუმი ნაყოფიერად იმუშავებს და ბიძგს მისცემს, სრულად იქნას გამოყენებული აბრეშუმის გზის შესაძლებლობები და პოტენციალი.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ ADB-ის ადგილობრივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში იეშიმ ელჰან – კაილარი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები