დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ვენჩაი ჟანგს შეხვდა, რომელიც საქართველოში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში იმყოფება. შეხვედრას ასევე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე დაესწრო.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ფორუმი მიზნად ისახავს, შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც  აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონალური ვაჭრობის სფეროში.

მხარეებმა ასევე საქართველოში აზიის განვითარების ბანკის საქმიანობაზე ისაუბრეს. ითქვა, რომ ბანკის საოპერაციო ბიზნეს გეგმა საქართველოში ორიენტირებულია ქვეყნის რეგიონული კავშირების, მდგრადი ტრანსპორტისა და ეკონომიკური დერეფნის განვითარებაზე. ის ასევე შესაბამისობაშია საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიასთან და საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმასთან.

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს სივრცითი განვითარების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ერთ-ერთი მთავარი ფინანსური მხარდამჭერია. მათ შორის, საუბარია აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის და ადგილობრივი და მეორადი გზების პროექტებზე, რომელთა ნაწილი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. ასევე საუბარი წარიმართა ბანკის მონაწილეობაზე ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალის განვითარების პროექტებშიც. გარდა ამისა, აღსანიშნია აზიის განვითარების ბანკის საბიუჯეტო დახმარების პროგრამა, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი მხარდამჭერია მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის განხორციელების პროცესში. მხარეებმა ასევე განიხილეს ენერგეტიკულ პროექტებში აზიის განვითარების ბანკის მონაწილეობის საკითხი.

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან განსახილველ საკითხებში მნიშვნელოვანი იყო საქართველოს სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერა, ისევე როგორც იმ ინფრასტრუქტურის დაფინანსება, რომელიც ქვეყანაში შენდება.

„გამორჩეულად მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა. თუმცა, ჩვენ უკვე დიდი ხანია აზიის განვითარების ბანკს ვესაუბრებით ჩრდილოეთის მიმართულების დაფინანსებაზე, სადაც პოლიტიკური თანხმობა გვაქვს. კერძო სექტორის განვითარებისა და ინვესტიციების მიმართულებით აზიის განვითარების ბანკი ასევე საკმაოდ აქტიური იქნება, 300 მილიონზე მეტი აქვთ კერძო სექტორის განვითარების მიმართულებით დაფინანსებული. აქ ბევრი შესაძლებლობებია, სადაც ბანკი უნდა იყოს და არის კიდეც აქტიური. განსაკუთრებით გამოსაყოფია ენერგეტიკის, ჰიდროელექტროსადგურების მიმართულება, სადაც ბანკი განიხილავს და განახორციელებს ინვესტიციებს“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

აზიის განვითარების ბანკის ვიცე პრეზიდენტმა აქცენტი გააკეთა  ბანკის მომავალ პროგრამებზე საქართველოში, ასევე საქართველოს შემდგომი ინტეგრაციის საკითხებზე რეგიონულ ეკონომიკაში.

„ათი წლის განმავლობაში აზიის განვითარების ბანკი აქტიურად თანამშრომლობს მთავრობასთან სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის მხარდასაჭერად. ასევე, უზრუნველვყავით ტექნიკური მხარდაჭერა, რეფორმების მხარდაჭერა.  ჩვენ მიერ მხარდაჭერილი პროექტები განხორციელდა გზების შენების, ენერგეტიკის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით, მათ შორისაა თბილისის და სხვა უფრო პატარა ქალაქების საზოგადოებრივი ტრანსპორტის პროგრამები. ჩვენ მხარს ვუჭერთ სახელმწიფო რეფორმებს, როგორებიცა საპენსიო რეფორმა, კაპიტალის ბაზრის რეფორმა. შეხვედრაზე განვიხილეთ მომავალში ისეთი საკვანძო ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის და, ასევე, ჩრდილოეთ-დასავლეთის დერეფნები“, – აღნიშნა ვენჩაი ჟანგმა. ამასთან, როგორც მან განაცხადა, დარწმუნებულია, რომ საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის თანამშრომლობა მომავალშიც ასეთივე წარმატებული იქნება.

აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, შემუშავდა კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია, საპენსიო რეფორმის კანონმდებლობა, კერძო-საჯარო თანამშრომლობის კანონპროექტი.

აღნიშნული ბანკი საქართველოსთვის ერთ-ერთი უმსხვილესი განვითარების პარტნიორია, რომლის პორტფოლიო 2.4 მლრდ დოლარზე მეტია, მათ შორისაა: სახელმწიფო, კერძო სექტორის და ტექნიკური მხარდაჭერის პროექტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები