“მადლობას ვუხდი იმ არასამთავრობოებს, რომლებმაც პარლამენტს, ომბუდსმენის კანდიდატის პოსტზე, ჩემი კანდიდატურა შესთავაზეს”

დიმიტრი ლორთქიფანიძე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც პარლამენტს სახალხო დამცველის კანდიდატის პოსტზე მისი კანდიდატურა შესთავაზეს, მადლობას უხდის.
შესაბამისი განცხადება დიმიტრი ლორთქიფანიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ლორთქიფანიძის განცხადებით, მის მხარდამჭერ პეტიციას ათასობით მოქალაქე აწერს ხელს.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა გამოვხატო საზოგადოების წინაშე, მოგეხსენებათ, სოციალური ქსელები დღეს ფართოდაა ხელმისაწვდომი, შესაბამისად, უკვე გავრცელებულია საზოგადოებრივი პეტიცია, რომლის ძალითაც, ჩემდამი მხარდაჭერას გამოხატავს ათასობით ადამიანი. მადლობა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც სახალხო დამცველის მეტად საპატიო პოსტზე, პარლამენტს ჩემი კანდიდატურა შესთავაზეს. სამწუხაროდ, სახალხო დამცველის არჩევის არადემოკრატიული წესი, არ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ხალხის ხმა ისმოდეს უშუალოდ პარლამენტში, ვინაიდან ინიციატივის ავტორი შეიძლება იყოს უმრავლესობა, უმცირესობა, მათში შემავალი ან მათ გარეთ არსებული რომელიმე ფრაქცია. მოიძებნება თუ არა საქართვლოს პარლამენტში თუნდაც ერთი ფრაქცია, რომელიც საყოველთაო-სახალხო მხარდაჭერის ფონზე, შეთავაზებული კანდიდატის ინიცირებას მოახდენს, ამაზე იქნება დამოკიდებული შემდგომში მოვახერხებთ თუ არა, რომ საკომიტეტო მოსმენებზე წარვდგე, როგორც ნომინანტი და მონაწილეობა მივიღო დებატებში“, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
15 არასამთავრობო ორგანიზაცია სახალხო დამცველის თანამდებობაზე პარლამენტს დიმიტრი ლორთქიფანიძის კანდიდატურას სთავაზობს.
შესაბამისი განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა გააკეთა.
ცნობისთვის, მოქმედ სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ხუთწლიანი ვადა 2017 წლის დეკემბერში ეწურება.
პარლამენტი სახალხო დამცველს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის ვადით ირჩევს. კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ფრაქციას და პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები