სასტუმრო „ლეოგრანდის“ საღამოს ცვლის მენეჯერი: ხანძრის მიზეზებსა და დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ
“სასტუმროს ადმინისტრაცია ვრცლად მომხდარის შესახებ ყველანაირი ინფორმაციის დაზუსტების შემდეგ ისაუბრებს”, – ამის შესახებ სასტუმრო “ლეოგრანდის” საღამოს ცვლის მენეჯერმა, მურატ აგდანლიმ ხანძრის დეტალებსა და მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.
მან მომხდარი ტრაგედიის შესახებ ბევრი არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზუსტად რა მოხდა არ იცის.
„ახლა ამაზე საუბრის დრო არ არის, ძალიან დამწუხრებულები ვართ“, – აცხადებს მურატ აგდანლი.
როგორც მან აღნიშნა, გარდაცვლილი 11 ადამიანის დროული ევაკუაცია ვერ მოხერხდა, რადგან სასტუმროში მათი ადგილმდებარეობა უცნობი იყო.
„ხანძრის გამო, იყო ძალიან დიდი დაკვამლიანება, ამის გამო, ეს ადამიანები ვერ დავინახეთ, არ ვიცოდით სად იყვნენ“, – აცხადებს „ლეოგრანდის“ მენეჯერი.
მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე პირველად პოლიცია მოვიდა და სასტუმროს მომსახურე პერსონალი შენობიდან გაიყვანა.
შეგახსენებთ, რომ ხანძარი სასტუმროში 24 ნოემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე გაჩნდა. ბათუმში მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.