„თუ მომიტინგეები უკრაინის იუსტიციის სამინისტროს არ დატოვებენ, საგანგებო რეჟიმის შემოღებას მოვითხოვ“
თუ მომიტინგეები იუსტიციის სამინისტროს შენობას არ დატოვებენ, საგანგებო რეჟიმის შემოღებას მოვითხოვ,- ამის შესახებ უკრაინის იუსტიციის მინისტრმა ელენა ლუკაშმა განაცხადა. როგორც უკრაინული მედია იუწყება, მისი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს მოსთხოვს, უარი თქვას ოპოზიციასთან მოლაპარაკებებზე.
სამოქალაქო მოძრაობა „Спильна Справа“-ს აქტივისტებმა უკრაინის იუსტიციის სამინისტროს შენობა წუხელ, გვიან ღამით, დაიკავეს. აქტივისტები იუსტიციის სამინისტროს შენობის დატოვებას არ აპირებენ და თხოვნაზე უარი უთხრეს ოპოზიციის ლიდერ ვიტალი კლიჩკოსაც. “შევეცადე, მათთან მოლაპარაკებების გამართვა. სამწუხაროდ, მათ უარი თქვეს შენობის დატოვებაზე. კიდევ ერთხელ შევეცდებით, დავარწმუნოთ მათი ხელმძღვანელები, რომ შენობა დატოვონ”, – განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.