კანადაში საქართველოს საელჩომ ჰალიფაქსის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

კანადის ქალაქ ჰალიფაქსში რიგით მეცხრე უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა კანადაში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ მიიღო.

ფორუმის ფარგლებში მსოფლიოში შექმნილი უსაფრთხოების ახალი გამოწვევები, აშშ-სა და ევროკავშირში მიმდინარე პროცესები და ამ ფონზე გაერო-სა და ნატო-ს საქმიანობა და პრიორიტეტები განიხილეს.

ღონისძიებაში მონაწილე სტუმრებს, სიტყვით ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, კანადის თავდაცვის მინისტრმა რაჯიტ საჯანმა და მსოფლიოს სხვადასხვა  ქვეყნების თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიმართეს.

ფორუმის მიმდინარეობისას, ევროპის კონტინენტზე არსებული გამოწვევების საკითხზე გამართული დისკუსიების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო უკრაინასა და საქართველოში რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული აგრესია, დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგ კრემლის მიერ წარმოებული კიბერ და პროპაგანდისტული შეტევა და ამ გამოწვევებზე ნატოსა და ევროკავშირის მხრიდან უფრო აქტიური რეაგირების გზები.

განხილვებში მონაწილეობა კანადაში საქართველოს ელჩმა მიიღო. კონსტანტინე ქავთარაძემ  სიტყვით გამოსვლისას 2008 წელს რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ  აგრესიაზე,  საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ  მძიმე მდგომარეობაზე,  რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის მცდელობისკენ მიმართულ ნაბიჯებსა და იმ პროვოკაციულ ქმედებებზე ისაუბრა, რომლებსაც ყოველდღიურად აქვს ადგილი საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების აღმართვისა თუ მოსახლეობის უკანონო დაკავებების სახით.

ჰალიფაქსში გამართულ უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმს, სხვადასხვა სახელმწიფოს  მეთაურები, მსოფლიოს წამყვანი უსაფრთხოების ექსპერტები, დიპლომატები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები