„2018 წელს რეფორმების გარდა, ვგეგმავთ ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს ხარისხობრივ ნაწილში, რათა არსებული პროცესები უფრო გაუმჯობესდეს“

2018 წელს რეფორმების გარდა, ვგეგმავთ ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს ხარისხობრივ ნაწილში, რათა არსებული პროცესები გახდეს უფრო დახვეწილი და თანამედროვე, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან გამართულ შეხვედრაზე.

მისი თქმით, ბიზნესის მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია იმ რეფორმამ, რომელიც 2018 წელს იგეგმება და ეხება დღგ-ის დაბრუნების ავტომატიზებული სისტემის დანერგვას.

„ეს საკითხი თითოეული მეწარმისთვის ძალიან აქტუალურია და მოხარული ვარ, რომ მივიღეთ დადებითი უკუკავშირი ამ მიმართულებით. გარდა ამისა, შეხვედრაზე განვიხილეთ სხვა თემებიც, რომლებიც საჭიროებს დახვეწას და განვითარებას. მივიღეთ კონკრეტული წინადადებები, თუ რა პროცესების გაუმჯობესებაა შესაძლებელი, მაგალითად, საბაჟოს ნაწილში, რომელსაც, რა თქმა უნდა, ფინანსთა სამინისტრო გაითვალისწინებს”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ელგუჯა მელაძემ აღნიშნა, წარმოდგენილი ცვლილებების პაკეტი მისაღებია ბიზნეს გაერთიანებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,  დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნების საკითხი. „ის ვადები, რომელიც დასახელდა, ხელს შეუწყობს იმას, რომ თანხები მიმართული იყოს ინვესტიციებისა და კომპანიების განვითარებისთვის”, – განაცხადა მან.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან გამართული შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და მას  ბიზნესგაერთიანების 100-ზე მეტი წევრი დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები