იან კელი: ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი

0

„საქართველოს გვერდით დავუდგებით იმ დრომდე, ვიდრე ნატოს წევრობას შეძლებს“, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას აშშ უცვლელად უჭერს მხარს.

„ნატოს გენერალური მდივნის ეს განცხადება არ მინახავს, თუმცა იგი სრულიად შეესაბამება აშშ-ის პოზიციას, რომელიც თანმიმდევრულია ბუქარესტის სამიტიდან მოყოლებული. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა, რომელიც აქ აგვისტოში იმყოფებოდა, თქვა, რომ საქართველოს გვერდით დავუდგებით იმ დრომდე, სანამ ნატოს წევრობას შეძლებს, რაც, რა თქმა უნდა, ნიშნავს ყველა წევრი ქვეყნის კონსენსუსსა და თანხმობას. რაც შეეხება აშშ-ს, იგი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ნატოს წევრობას“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა პირველი არხის კითხვის საპასუხოდ.

შეგახსენებთ, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, კანადის ქალაქ ჰალიფაქსში მიმდინარე უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება 29 მოკავშირემ უნდა მიიღოს და ამ პროცესში ვერავინ ჩაერევა.

კომენტარები

კომენტარი