გიორგი ჩერქეზიშვილი “Start in Georgia“-ს გამოფენის გახსნას დაესწრო

0

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება – ასეთ საგამოფენო სივრცეში დამწყებ ბიზნესმენებს შესაძლებლობა ეძლევათ, მაქსიმალური ინფორმაცია მიიღონ, თუ რა ხდება სექტორში და რა გამოწვევებია“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა „ექსპო ჯორჯიაში“, გამოფენა “Start in Georgia“-ს გახსნის ცერემონიაზე მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.

გამოფენა „ქართული სტარტაპების ასოციაციისა“ და Start–Business Solutions-ის ორგანიზებით ტარდება და მასში სხვადასხვა ფონდები, პროგრამების წარმომადგენლები, ბანკები, ბიზნესაქსელერატორები, ინკუბატორები და საკონსულტაციო კომპანიები მონაწილეობენ.

Start in Georgia“-ს სივრცეში ასევე, წარმოდგენილია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტები, მათ შორის, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სტენდები.

„თქვენ იცით, რომ სახელმწიფო სამი მიმართულებით ახორციელებს სტარტაპების ხელშეწყობას. პირველ – ეს არის ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, თავისი სტარტაპების დაფინანსების პროგრამით და უახლოეს მომავალში ველოდებით, რომ გამოვაცხადებთ ახალ საგრანტო კომპონენტს. ასევე, არის პროგრამა „აწარმოე საქართველოში,“ რომელსაც აქვს სხვადასხვა მიმართულებების თანადაფინანსების კომპონენტები და აქ არის „საპარტნიორო ფონდი,“ თავისი სტარტაპ პროგრამით, რომელიც ახორციელებს 100 000 ლარამდე დაფინანსებას არამაღალტექნოლოგიური პროექტების კუთხით. დღეს გამოფენაზე წარმოდგენილია ჩვენი სტენდები, სადაც დაინტერესებულ და დამწყებ ბიზნესებს შეუძლიათ, სამინისტროს პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ“, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი ჩერქეზიშვილმა.

გამოფენის ორგანიზატორების ინფორმაციით, “Start in Georgia“-ს მიზანია ქვეყანაში საერთო სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, სტარტაპებისთვის და ბიზნესის დამწყებთათვის ინფორმაციის ეფექტური მიწოდება, ცნობადობის გაზრდა და მეწარმეობის ინიცირება. მათივე განცხადებით, გამოფენა წაახალისებს დამწყებ მეწარმეებს, რომელთათვისაც ბიზნესის დასაწყებად მსგავსი ხელშეწყობა მნიშვნელოვანი სტიმულია, რაც საბოლოოდ, საზოგადოებრივ კეთილდღეობას და მდგრად ეკონომიკურ განვითარებას განაპირობებს.

კომენტარები

კომენტარი