საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა პირველი სტარტაპ გამოფენა გახსნა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა დღეს პირველი სტარტაპ გამოფენა გახსნა. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობით, დღეს გაცილებით უფრო მეტი სტარტაპების დაფინანსებაა შესაძლებელი.

„დღეს, საქართველოში სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობით, გაცილებით მეტი შესაძლებლობაა სტარტაპების დაფინანსებისა, ვიდრე ინფორმაცია არსებობს, ეს რეალობაა. ძალიან ბევრმა ადამიანმა ამ შესაძლებლობების შესახებ, უბრალოდ, არ იცის. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი ღონისძიება, სადაც აქ, ერთ სივრცეში, არის თავმოყრილი სრული ინფორმაცია სახელმწიფო და კერძო ინიციატივების შესახებ, რომელიც სტარტაპებს აფინანსებს. დღეს ნებისმიერ ინოვაციურ იდეას აქვს შესაძლებლობა დაფინანსების მოპოვების და რეალურად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავარი გამოწვევა და მთავარი ტესტი, რომელიც დღეს საქართველოს ეკონომიკას აქვს, ეს არის ინოვაციები და ინოვაციების წყარო ყოველთვის არის ძალიან კარგი სტარტაპები და კარგი იდეები”,-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

პირველი სტარტაპ გამოფენა ქართული სტარტაპების ასოციაციისა და Start – Business Solutions -ის ორგანიზებით მიმდინარეობს. ერთ სივრცეში წარმოდგენილია კომპანიები, რომლებიც მომავალ მეწარმეებს ბიზნესის დაწყებაში ეხმარებიან. გამოფენაში მონაწილეობს 35 – მდე კომპანია, რომელიც სტარტაპებს აწვდის საჭირო პროდუქტს, ან მომსახურებას ბიზნესის დაწყების, განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვისათვის.

გიორგი აბაშიშვილი წარმოდგენილი ინოვაციური კომპანიების პროექტებს გაეცნო და მათ შორის, კამპანია „მოითხოვე ქართულის“ სტენდიც დაათვალიერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები