“ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტში ცვლილებების შეტანა აუცილებელი იქნება”
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრას მართავს. შეხვედრას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და NDI-ის პროგრამების მენეჯერი თამარა სართანია უძღვებიან. როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, გარკვეული ცვლილებების შეტანა კანონპროექტში აუცილებელი იქნება და თუ რა ტიპის ცვლილებები მომზადდება, ამაზე მუშაობა მიმდინარეობს.
„ამ საკანონმდებლო პაკეტის განხილვა იწყება პარლამენტში. 1-ელ დეკემბრამდე, ვცდილობთ, რომ ბევრი სამუშაო შეხვედრა შედგეს, რათა დავინახოთ, სად შეიძლება იყოს კონსენსუსი შემოთავაზებულ პროექტსა და იმ პოზიციას შორის, რომელიც სახელმწიფოს აქვს გამოხატული. გარკვეული ცვლილებების შეტანა კანონპროექტში იქნება აუცილებელი და თუ რა ტიპის ცვლილებები იქნება, ამაზე ვმუშაობთ. განსხვავებული მოსაზრებები არსებობს როგორც პარლამენტში, ასევე, მთავრობაში”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
“ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის” წარმომადგენელის, გურამ იმნაძის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, ნარკოტიკის მოხმარება გამოდის სისხლის სამართლებრივი დასჯადობიდან და ამ ქმედებაზე შენარჩუნებული იქნება მხოლოდ ადმინისტრაციული წესით დასჯადობა.
“კანონპროექტი ითვალისწინებს დოზების სამართლიანი წესით განსაზღვრას და ზოგადად, ნარკოტიკული დანაშაულისთვის არსებული სასჯელების შემსუბუქებას. ასევე, ითვალისწინებს ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებული ადამიანებისთვის ისეთი უფლებების ავტომატური შეზღუდვების გაუქმებას, როგორიცაა სატრანსპორტო საშუალების მართვა და სხვადასხვა ტიპის პროფესიული საქმიანობის განხორციელება”, – განაცხადა გურამ იმნაძემ.