სოფო კილაძე: აზარტული თამაშების მსხვერპლ ადამიანებზე პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა აიღოს
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ სამების ახალგაზრდულ ცენტრში, სადაც აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, განაცხადა, რომ ზღვარგადასული აზარტული თამაშების გამო, ვკარგავთ ადამიანებს, რომლებიც გამუდმებით ფიქრობენ, საიდან მოიტანონ ფული. მისივე თქმით, აზარტული თამაშების მსხვერპლ ადამიანებზე პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა აიღოს.
„ყველა ჩვენგანის გარშემო არსებობს ადმიანი, რომელიც არის აზარტული თამაშების მსხვერპლი და სწორედ სახელმწიფომ უნდა აიღოს მათზე პასუხისმგებლობა. ამ ზღვარგადასული აზარტული თამაშების გამო, ადამიანებს ვკარგავთ, ვინაიდან ისინი გამუდმებით ფიქრობენ, საიდან მოიტანონ ფული, ხდებიან შრომისუუნაროები. ამიტომ ჩვენ გვჭირდება სხვადასხვა კამპანია და რა თქმა უნდა, მედიის აქტიური ჩართულობა. ასევე, საჭიროა, რომ აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტი დროულად მიიღონ და ჩვენი კომიტეტი ამას აუცილებლად დაუჭერს მხარს, თუმცა იქამდე აღნიშნულ საკითხზე პარლამენტში ვიმსჯელებთ“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტი უკვე შესულია, რომელიც აზარტულ თამაშებზე ახალი რეგულაციების ამოქმედებას ითვალისწინებს. საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებული კანონპროექტით, აზარტული თამაშები 18-ის ნაცვლად, დაშვებული იქნება 21 წლიდან. გარდა ამისა, რეგისტრაციისთვის, შესაძლოა, სათამაშო ობიექტზე მისვლა გახდეს სავალდებულო, სადაც ადგილზე შეამოწმებენ, აქვს თუ არა მოქალაქეს თამაშის უფლება.