მიხეილ ჯანელიძე: მიუხედავად დაბრკოლებებისა, საქართველო, სლოვაკეთის მსგავსად, აგრძელებს გზას ევროპისკენ, თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ

სლოვაკეთის ხავერდოვანი რევოლუციის 28-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე, მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ და საქართველოში სლოვაკეთის ელჩმა, რუდოლფ მიხალკამ.

როგორც „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მიხეილ ჯანელიძემ, საქართველოსა და სლოვაკეთის ურთიერთობებზე საუბრისას, ამ ორ ქვეყანას შორის პარალელები გაავლო.

„მიუხედავად სირთულეებისა, სლოვაკეთმა მტკიცედ განაგრძო გზა ევროპისკენ და თავისუფლებისკენ და მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად, მშვიდობიანი გზით, მიაღწია სლოვაკი ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანს. ეს ჩვენ გვაძლევს მოტივაციას, მიუხედავად სირთულეებისა, გავაგრძელოთ სვლა ევროპისკენ, რომელიც არის თავისუფლების, სწორი ფასეულობების და დემოკრატიის გზა. ეს არჩევანი ქართველმა ხალხმა გააკეთა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და მიუხედავად გარკვეული დაბრკოლებებისა, უკვე მიაღწია ხელშესახებ წარმატებას ამ გზაზე. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველო დღეს ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანაა, რაც გულისხმობს ასოცირებას დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებების დაცვასთან, სტაბილურობასთან და მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებულ სახელმწიფოს“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრმა დადებითად შეაფასა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პოლიტიკური, კულტურული, ხალხთაშორისი და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის დინამიკა და აღნიშნა, რომ მხარეები აქტიურად მუშაობენ ამ კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებაზე. აღსანიშნავია, რომ მიღებაზე ხელი მოეწერა ოფიციალურ შეთანხმებას კომპანია “ჯორჯიან ეარვეის” და ბრატისლავის აეროპორტის წარმომადგენლებს შორის პირდაპირი ფრენების დანიშვნის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურიზმის და ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო გააქტიურებას.

სლოვაკეთის ელჩმა საქართველოში, ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისთვის, განსაკუთრებული ჯილდო გადასცა სლოვაკეთის საპატიო კონსულს საქართველოში, ბესარიონ ქვარცხავას.

ხელოვნების სასახლეში გამართულ ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, კულტურისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები