უკრაინის უშიშროების სამსახური: უკრაინიდან სამშობლოში იძულებით გაძევებული საქართველოს 8 მოქალაქეა
უკრაინიდან სამშობლოში იძულებით გაძევებული საქართველოს 8 მოქალაქეა. ამ ინფორმაციას უკრაინის უშიშროების სამსახური ავრცელებს. მათივე თქმით, საქართველოს მოქალაქეების საქმიანობა ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს ეწინააღმდეგება.
„საქართველოს მოქალაქეები, რომელთა საქმიანობაც ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს ეწინააღმდეგება, უკრაინის ტერიტორიიდან არიან გაძევებული. 17 ნოემბერს უკრაინის უშიშროების სამსახურის, ეროვნული პოლიციის, სახელმწიფო საიმიგრაციო და სასაზღვრო სამსახურების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, სამშობლოში იძულებით არის გაძევებული საქართველოს 8 მოქალაქე“, – ნათქვამია უკრაინის უშიშროების სამსახურის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
გადაწყვეტილება მიღებულია სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურისა და ეროვნული პოლიციის მასალებზე დაყრდნობით, საიდანაც ირკვევა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქმიანობა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს ეწინააღმდეგება.