იენს სტოლტენბერგი: საქართველო ახლა რეფორმებზეა კონცენტრირებული
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო ღია კარის პოლიტიკას აგრძელებს და მზად არის ახალი წევრების მისაღებად. მისივე თქმით, ნატოში გასაწევრიანებლად სახელმწიფო გარკვეულ სტანდარტებს უნდა პასუხობდეს.
„ნატოს კარი ღიაა და ამის საუკეთესო დადასტურებას ის ფაქტი წარმოადგენს, რომ ცივი ომის დასრულებიდან ალიანსის წევრთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა. გარდა ამისა, მიმდინარე წლის გაზაფხულზე ალიანსს მონტენეგრო შეუერთდა.
საქართველო და უკრაინა ახლა რეფორმებზე არიან კონცენტრირებული: თავდაცვითი ინსტიტუტების მოდერნიზებაზე, კორუფციასთან ბრძოლაზე და დემოკრატიის გაძლიერებაზე. ნატო და მოკავშირეები მათ ამ პროცესში ეხმარებიან. საბოლოო ჯამში, ალიანსის 29 წევრი გადაწყვეტს, მივიღოთ თუ არა ახალი წევრი ჩვენს რიგებში. არც ერთ სხვა ქვეყანას არ აქვს უფლება, ამ პროცესში ჩაერიოს ან ვეტო დაადოს. ყველა სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, ალიანსს კი შეუძლია გადაწყვიტოს, სურს თუ არა მას გაფართოება“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.