პროკურატურა ოჯახში ძალადობის თემაზე არტ-ნამუშევრების კონკურსს აცხადებს

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, 2017 წლის 27 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით, „დაზარალებულთა კვირეული“ გაიმართება.
პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურა არტ-ნამუშევრების (ფოტოსურათი, ნახატი, ქანდაკება და სხვა) კონკურსს აცხადებს, რომელიც ნოემბრის ბოლო კვირას ჩატარდება.
“დაზარალებულთა კვირეულის” მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო.
უწყების ცნობით, კონკურსისთვის მომზადებული ნამუშევარი უნდა შეიცავდეს მესიჯს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ (მესიჯი შესაძლოა შეეხებოდეს ნებისმიერ პრობლემას, რომელიც დაკავშირებულია ოჯახში ძალადობასთან).
ფოტოსურათი და ნახატი შესრულებული უნდა იყოს A3 ფორმატზე. იგი შესაძლოა მომზადებული იყოს როგორც ხელით, ასევე, კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით.
ნამუშევარი წარმოდგენილი უნდა იქნას 2017 წლის 28 ნოემბრამდე შემდეგ მისამართზე: თბილისი, გორგასლის ქ.№24. (საქართველოს მთავარი პროკურატურა).
კონკურსისთვის წარმოდგენილი ნამუშევრების გამოფენა 2 დეკემბერს თბილისი მოლში მოეწყობა. გაიმართება პირველ სამ ადგილზე გასულ კანდიდატთა დაჯილდოებაც, რომლებსაც ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ.
დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომელს სალომე დოლიძეს – sdolidze@pog.gov.ge, ტელ.: 598 743 288.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები