მთავრობა დღევანდელ სხდომაზე სტრუქტურული ცვლილებების პაკეტს დაამტკიცებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სტრუქტურული რეფორმების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს არის რეფორმა, რომელიც მოიტანს ძალიან მნიშვნელოვან თვისობრივ ცვლილებას მართვის ხარისხში და შედეგების მიღწევის თვალსაზრისით.
პრემიერმა მიხეილ ჩხენკელსა და მამუკა ბახტაძეს საქართველოს მთავრობის წევრობა მიულოცა, ხოლო გიორგი მღებრიშვილსა და ალექსანდრე ჯეჯელავას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
“მინდა, მივულოცო მიხეილ ჩხენკელსა და მამუკა ბახტაძეს ჩვენი გუნდის წევრობა, თუმცა მამუკა ბახტაძე ამ დარბაზში ბევრჯერ ყოფილა და ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განგვიხილავს. მიხეილ ჩხენკელი პირველად არის ჩვენთან ერთად მთავრობის სხდომაზე და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ დიდი წარმატებით გაართმევთ თავს იმ ძალიან მნიშვნელოვან ამოცანებს, რომელიც თქვენს უწყებებში არსებობს. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი მღებრიშვილს და სანდრო ჯეჯელავას, მინდა, მათ წარმატება ვუსურვო. ვფიქრობ, რომ ნამდვილად მნიშვნელოვანი ცვლილებებია, რომლის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტიც დღეს გამოგვაქვს მთავრობის სხდომაზე და იმედი მაქვს, რომ დავამტკიცებთ და გადავაგზავნით პარლამენტში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.