საქართველო-უკრაინის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების ერთობლივი სამუშაო შეხვედრით დასრულდა

ქართული დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში საქართველო-უკრაინის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების ერთობლივი სამუშაო შეხვედრით დასრულდა.

უკრაინულ მხარეს საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ხვიჩა მეფარიშვილი, სახალხო დეპუტეტები მაქსიმ ბურბაკი, ოლენა მასორინა, დმიტრო ლუბინეცი, დმიტრო დობროდომოვი, ოლექსანდრ დროზდიკი, იური ტიმოშენკო და ვლადისლავ დანილინი წარმოადგენდნენ.

ქართულ მხარეს კი ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე, დეპუტატები კახაბერ კუჭავა, ირინა ფრუიძე, გელა სამხარაული, დავით მათიკაშვილი, გოგი მეშველიანი, საქართველოს ელჩი უკრაინაში გელა დუმბაძე და საელჩოს უფროსი მრჩეველი ჯემალ გოგიტიძე  წარმოადგენდნენ.

მხარეებმა საქართველოსა და უკრაინის პარლამენტების თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის მაისში უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარის ანდრიი პარუბიის თბილისში ვიზიტმა, ორ ინსტიტუციას შორის ურთიერთობებს ახალი იმპულსი მისცა.

საუბარი აგრეთვე შეეხო, 2018 წლის იანვარში კიევში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დაგეგმილ ვიზიტსაც.
გამოითქვა საქართველო-უკრაინის საპარლამენტო ასამბლეის შექმნის იდეა, რომელიც თავის სხდომებს წელიწადში ერთხელ, მონაცვლეობით, საქართველოსა და უკრაინაში გამართავს.

„ჩვენს ქვეყნებს შორის იმდენად მჭიდრო და ინტენსიური სტრატეგიული ურთიერთობებია, რომ საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების დონე საკმარისი აღარ არის. საპარლამენტო ასამბლეის შექმნა შეიძლება გახდეს სრულიად ახალი საფეხური ამ მიმართულებით”, – განაცხადა გიორგი მოსიძემ.

უკრაინულმა მხარემ განსაკუთრებული კმაყოფილება გამოხატა საქართველოს დელეგაციის მიერ დონეცკის ოლქში ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში განხორციელებული ვიზიტის გამო.
გამოითქვა იდეა ორივე ქვეყანაში დაღუპულ მებრძოლთა იდენტური მემორიალების დადგმის შესახებ. საუბარია ერთნაირ ძეგლებზე, რომლებიც მიეძღვნება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ქართველ მებრძოლებს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ უკრაინელ მებრძოლებს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაიწყება მუშაობა შესაბამისი პროექტების მომზადების მიმართულებით.

მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება როგორც პარლამენტის მუდმივი კომიტეტების, ისე მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების დონეზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები