არჩილ თალაკვაძე: მეორე ტურს დამაჯერებლად მოვიგებთ, კონსტანტინე შარაშენიძე ტყუილების პროპაგანდას ეწევა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის „ოზურგეთში არჩევნების მეორე ტურის გაყალბების სქემას“ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ეს სქემა თავად შარაშენიძის შტაბშია დაწერილი.
„მინდა გითხრათ, რომ ოფისებში დასხდნენ, ჩამოწერეს 31 ტყუილი და ამ ტყუილის ტირაჟირებას ახდენენ. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ჩვენ ვსაუბრობთ საქმეზე, ოპონენტი კი საუბრობს ჩვენზე. დასკვნის გაკეთება ადვილია, თუ ვინ გააკეთებს საქმეს. რეალური გეგმა, როგორ იმოქმედონ მეორე ტურში, მათ არ გააჩნიათ“, -განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ოზურგეთში არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გაიმარჯვებს.
„ჩვენ ვატარებთ წინასაარჩევნო კამპანიას კანონის სრული დაცვით. ჩვენმა ოპონენტმა უკვე დაინახა ის უპირატესობა, რაც შიდა კვლევების ჩატარების შედეგად ჩანს. ჩვენ მეორე ტურს დამაჯერებლად მოვიგებთ, ამიტომ რჩება შთაბეჭდილება, რომ დახსდნენ შტაბში და საკუთარ კომპიუტერში ჩამოწერეს ტყუილები და ბოლო სამი დღის განმავლობაში, სწორედ ამ ტყუილების პროპაგანდას ეწევიან“, – განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კონსტანტინე შარაშენიძემ მედიას „ოზურგეთში არჩევნების მეორე ტურის გაყალბების სქემა“ გააცნო. როგორც შარაშენიძემ აღნიშნა, გეგმა 31-პუნქტიანია და ხელისუფლება მასში ადმინისტრაციული რესურსის, პოლიციისა და სუს-ის გამოყენებას აპირებს. მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ინფორმაციით, ხელისუფლების მიერ შემუშავებული სქემის თანახმად, მისმა კონკურენტმა, ბეგლარ სიორიძემ მცირე სხვაობით უნდა გაიმარჯვოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები