„სილქ როუდ ჯგუფი“ თანაინვესტირების ფონდთან ერთად „სილქ თაუერს“ ააშენებს

„სილქ როუდ ჯგუფმა“ ბათუმში „სილქ თაუერის“ მშენებლობა დააანონსა.  პროექტის ფინანსური პარტნიორი საქართველოს თანაინვესტირების ფონდია.

“ჩვენი ჯგუფი უკვე ათ წელზე მეტია საქართველოში ახორციელებს ინვესტიციებს  და ამ დრომდე დაახლოებით 600 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტიცია განვახორციელეთ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში.

ჩვენს საინვესტიციო საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს აჭარის რეგიონს, სადაც 90 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განვახორციელეთ არაერთ პროექტში, მათ შორის სასტუმრო „რედისონში.“

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა, არც თბილისში და არც ბათუმში პროექტები არ შეგვიჩერებია და 2009 წელს თბილისში და 2011 წელს ბათუმში გავხსენით „რადისონის“ ბრენდის სასტუმროები. 2012 წელს ჩვენი მოწვევით საქართველოს ესტუმრა დონალდ ტრამპი, “ტრამპ თაუერის” პროექტის პრეზენტაციისთვის. ბატონ ტრამპს ძალიან მოეწონა საქართველო, ბათუმი და მომავალი „ტრამპ თაუერის“ ლოკაცია, რომელიც ჩვენი აზრით,  საუკეთესოა ბათუმში და ნამდვილად იმსახურებს გამორჩეულ და წარმატებულ პროექტს. მას შემდეგ, რაც ბატონი ტრამპი ამერიკის პრეზიდენტი გახდა, რეალობა შეიცვალა. ჩვენ ერთობლივი შეთანხმებით შევწყვიტეთ ხელშეკრულება, მაგრამ პირადად მე და ჩვენს გუნდს არც ერთი წუთით არ შეგვიწყვეტია ფიქრი ამ პროექტზე.  ჩვენ გვინდა აჭარაში ავაშენოთ კომპლექსი, რომელიც ბათუმის განვითარების ახალი ეტაპი იქნება: “სილქ თაუერი” და მიმდებარე ტერიტორია, გარემო, რომელიც ქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება.  ვიმედოვნებთ, რომ ეს პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მეტი ინვესტიციების მოზიდვაში და მაღალშემოსავლიანი ტურიზმის განვითარებაში.

ჩვენი პარტნიორია საქართველოს თანაინვესტირების ფონდი, რომელიც ამ პროექტის თანადაფინანსებაში მიიღებს მონაწილეობას”, – აცხადებს გიორგი რამიშვილი.

ამ ეტაპზე, „სილქ როუდ ჯგუფის დაკვეთით, საერთაშორისო საკონსულტანციო კომპანია „სერვოტელმა“ ბაზრის კვლევა დაასრულა. ამჟამად პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შემუშავება მიმდინარეობს. „სერვოტელის“ წარმომადგენლები თბილისს  5 ნოემბერს ეწვივნენ და „სილქ როუდ ჯგუფსა“ და თანაინვესტირების ფონდს პროექტის პარამეტრების პირველადი პრეზენტაცია წარუდგინეს.

გადაწყდა, რომ პროექტი განხორციელდება რამდენიმე ფაზად: პირველ ეტაპზე იგეგმება „სილქ თაუერის“ მშნებელობა და მის მიმდებარედ არსებული იახტკლუბის  კეთილმოწყობა და განვითარება, რაც ასევე გულისხმობს იახტკლუბის გასწვრივ  განლაგებული პრომენადის მოწყობას. პროექტის განვითარების შემდგომი ფაზები მოიცავს: დამატებითი საცხოვრებელი კომპლექსების, მაღალი კლასის სასტუმროს, კაზინოს, გასართობი ცენტრის, მულტიფუნქციური დარბაზისა და კონგრესცენტრის მშენებლობას. წინასწარი გათველებით, მთლიანი პროექტის ღირებულება, ყველა ფაზის გათვალისწინებით, დაახლოებით  250 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

“ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტული სერვისებისა და ინფრასტრუქტურის ახალი სტანდარტების დანერგვა, როგორც აჭარის რეგიონში ასევე მთლიანად საქართველოში. საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიზანია, ქართველ და უცხოელ ინვესტორებთან ერთად, დააფინანსოს და განახორციელოს ისეთი პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

ჩვენ 6 თვეზე მეტი ვმუშაობდით ამ პროექტის შესწავლასა და შეფასებაზე და ვთვლით, რომ მისი განხორციელება როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია აჭარის რეგიონისთვის.  ეს იქნება ფონდის რიგით მეოთხე პროექტი ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულებით. ამას გარდა, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის დაფუძნებული ტურიზმის განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება დამატებით, სამი სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობა საქართველოს შავი ზღვისპირეთში.

დიდ მადლობას ვუხდით „სილქ როუდ ჯგუფს“ პარტნიორობის შემოთავაზებისთვის და ვიმედოვნებთ, რომ ბათუმს მომავალშიც შეემატება ასეთი საინტერესო და მიმზიდველი  პროექტები”,- განაცხადა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა.

ამჟამად სილქ როუდ ჯგუფი მოლაპარაკებებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბანკებთან აწარმოებს, 2018 წელს დასრულდება ტერიტორიის გენგეგმის შემუშავება, ხოლო უშუალოდ „სილქ თაუერის“ მშენებლობის დაწყება 2019 წელს იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები